სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ფავორიტად ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი, ბორუტ პაჰორი, მიიჩნევა. ანალიტიკოსები მის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა პაჰორი ხმათა 50% პირველივე ტურში მიიღოს, თუ მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.
სააგენტო Ninamedia-ს სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პაჰორი 56%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. პირველ სამეულში მსახიობი, ქალაქ კამნიკის მერი მარიან შარეცი (19,6%) და ევროპარლამენტის დეპუტატი, სლოვენიის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი რომანა ტომცი (10,6%) ხვდებიან.
ადგილობრივი ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემა 1,7 მილიონზე მეტ მოქალაქეს შეუძლია.