საქართველოში “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის” მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიო გოგოხია გახდა. წარმოშობით წალენჯიხელი და 20 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგი, უკვე 8 წელია აფხაზეთის მე-10 სკოლაში დაბალი კლასებიდან დაწყებული, მაღალი კლასის ჩათვლით, მოსწავლეების განათლებაზე ზრუნავს. ამბობს, რომ რთული პროფესიაა, თუმცა ბედნიერია, რომ ამ ხნის განმავლობაში სირთულეების დაძლევა შეძლო და ათეულობით ბავშვის აღმზრდელი ჰქვია. დაჯილდოვებულ მასწავლებელთან ინტერვიუ “ფორტუნამ” ჩაწერა.
“არ ველოდი ჯილდოს, კონკურენცია მაღალი იყო. კონკურსში ბოლო ხუთეული ძალიან ძლიერი იყო, მოლოდინი არ მქონდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. 20 წელია მასწავლებელი ვარ. ეს პროფესია ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს დიდი ბედნიერებაა და ეს წონის იმ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს. ყოველთვის, როცა რაიმე ჯილდო შემხვდება, ამაზე ფიქრს უკვე ვწყვეტ და ისევ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რისი გაკეთება შემეძლო უკეთ” – ამბობს სოფიო გოგოხია.
გამარჯვებული მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ბევრი მილოცვა მიიღო, განსაკუთრებით კი ყოფილი მოსწავლეების გამოხმაურებამ გაახარა. მიიჩნევს, რომ პედაგოგის მთავარი ჯილდო წარმატებული მოსწავლეა. ამბობს, რომ ჯილდო მისი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანს – 91 წლის პედაგოგ ბაბუას და მისი ქართულის ენის მასწავლებელს ეკუთვნით.
“დაწყებითი კლასიდან მაღალი კლასის ჩათვლით ვასწავლი სკოლაში. მოსწავლეებს უფრო გაუხარდათ ჩემი ჯილდო, ვიდრე მე. განსაკუთრებულად გამიხარდა ჩემი ყოფილი მოსწავლეების მილოცვები. ბევრი გამორჩეული მილოცვა მივიღე. რაც შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლისგან მივიღო არის ის, რომ ისმენ თუ როგორ შეცვალე მისი ცხოვრება უკეთესობისკენ. ვის გამოვყოფდი განსაკუთრებულად? გამოვყოფ ჩემი ქართული ენის მასწავლებელს და 91 წლის ბაბუას, რომელმაც განსაკუთრებულად მომილოცეს. ორივეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. მათი დამსახურებაა ეს ჯილდო და მათ ეკუთვნით ის წარმატება, რასაც მივაღწიე. ბაბუა ათეული წლების განმავლობაში თავგანწირული იყო სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის, ის პედაგოგია და ჩემი ჯილდო მისი დამსახურებაა“, – აცხადებს ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.
სოფიო გოგოხია განმარტავს, რომ სკოლას, სადაც ის დღემდე ასწავლის, არა აქვს საკუთარი შენობა. მისივე თქმით, სკოლა ადგილობრივ კერძო სკოლას არის შეფარებული. აპირებს ახალი შენობის შეძენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
“სკოლას არა აქვს საკუთარი შენობა. ამჟამად კერძო სკოლას ვართ შეფარებული. ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ამ კეთილ საქმეში. ვაპირებთ ამავე შენობის შესყიდვას და აქ ჩემი წვლილიც იქნება. რა თქმა უნდა, ეს მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება”, – განმარტავს სოფიო გოგოხია.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია. წელს ამ ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის მე-10 საჯარი სკოლის პედაგოგი გახდა, რომელსაც პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.