კომპანია Skoda–მ თავის Youtube არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბრენდის ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული და ერთმანეთს რბოლაში ჰეტჩბეკ Fabia R5–ის მცირე ანალოგები დაუპირისპირდნენ. მანქანებმა ქარხნის ყველა კუთხე–კუნჭული მოიარეს და ავტომობილების საბოლოოდ აწყობის პუნქტამდეც მივიდნენ. კლიპში მონაწილე სუპერქარების მასშტაბი 1:10–თანაა შემცირებული და ისინი რადიოგადამცემით მართვადი მოდელების რბოლაში არაერთხელ გამოსულან. სათამაშო მოდელებს 40 კმ/სთ–ის განვითარება შეუძლიათ და შესაბამისი გაუმჯობესების მიღების შემდეგ კი სიჩქარე შესაძლოა 100 კმ/სთ–მდეც კი გაიზარდოს. ელემენტზე მომუშავე მანქანებს ერთი დამუხტვა 30–40 წუთი ყოფნით, ამასთან მათ სხვადასხვა სიტუაციისთვის სხვადასხვა საბურავები აქვთ, რაც წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარებათ.