”სკიჯის” ბრენდის ქვეშ საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა. ”სკიჯის სახლი” გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ის 10 დამსვენებელზეა გათვლილი.
როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯის” მფლობელმა, დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, საოჯახო სასტუმროში ღამის გათევა სტუმარს 50 ლარი დაუჯდება.
”ღირებულებაში შედის 2-ჯერადი კვებაც. ჩვენს დამსვენებლებს 100%-ით ნატურალურ საკვებს ვთავაზობთ, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება. მენიუში შედის სოფლის მაწონი, კვერცხი, ყველი, კექსი, ოჯახის ჯემი, მურაბა, სკიჯები, დიასახლისის საფირმო კერძი – „დაკიტასი“, ბადრიჯანი გურულად და საფირმო კეცის ხაჭაპური”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”სკიჯის სახლი” გამორჩეულია არა მხოლოდ სამზარეულოთი, არამედ გარემოთიც. სახლი სოფლის ცენტრში მდებარეობს და სტუმარს შესაძლებლობა აქვს , დატკბეს გურიის ულამაზესი ბუნებით, გაგრილდეს მთის მდინარეებით.
რაც შეეხება, ”სკიჯის სახლში” დასვენების მსურველთა რაოდენობას, როგორც დარეჯან ბერძენიშვილმა აღნიშნა, საოჯახო სასტუმრო ერთი თვეა გაიხსნა და მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ”გყვავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები. გვყავდნენ სტუმრები თურქეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ასევე ლატვიიდან”, – განმარტა სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. მისივე თქმით, საოჯახო სასტუმრო მუდმივად იმუშავებს და მომხმარებელს წლის 4-ივე სეზონზე მოემსახურება.
ცნობისთვის, ”სკიჯის სახლი” იმ ტერიტორიაზე გაიხსნა, სადაც ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯის” საწარმო მდებარეობს. ამიერიდან ”სკიჯი” მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის გარდა, სასტუმროს სერვისსაც შესთავაზებს.