ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, ვანო ჩხარტიშვილი წერილით ეხმიანება.
ჩხარტიშვილი მას სააკაშვილთან ალიანსში ადანაშაულებს და ამბობსმ რომ გუშინ ხაზარაძეს სწორედ რაღაც დეტალების გადაფარვა სურდა ტყუილებით.
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დავა, რომელიც სასამართლოში მიდიოდა მან ორ ინსტანციაში სრულიად სამართლიანად მოუგო ხაზარაძეს.
ივანიშვილი იყო პრაქტიკულად პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა
დამირეკა ივანიშვილმა ... მოხდა შეხვედრა მის სასახლეში... ის ვანო ჩხარტიშვილისთვის ფულის გადახდას მთხოვდა - მამუკა ხაზარაძე
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საქმეში ჩართვას, ამას ჩხარტიშვილი არ უარყოფს და ამბობს, რომ ეს არა საქმის გარჩევის, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო იყო საჭირო.
„სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.
ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო.
ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.
ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში.
ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვიცერებელი. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც.
მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და რა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.
იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა , ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.
ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, – აღნიშნავს ჩხარტიშვილი განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში გუშინ განაცხადა.