LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია საქართველოს 2.83 მლნ ევროს გამოუყოფს

129

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, მაგნუს რისტედმა და ინვესტიციების უფროსმა მენეჯერმა, ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება” დაფინანსების მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, NEFCO საქართველოს გამოუყოფს 2.83 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს 1.87 მილიონ ევროს.

პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდას.

პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2018-2020 წლებში. ამ ეტაპზე ჩატარებული შესწავლის საფუძველზე, მოიაზრება შემდეგი ქალაქები და რეგიონები: თბილისი, რუსთავი, ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და სამეგრელო. პროექტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები