LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიელების ბედნიერების ოთხი წესი

437

ბედნიერებას დადევნებული მეცნიერების ნებისმიერ კვლევაში დანიელები, შვედები და ნორვეგიელები ყოველთვის რეიტინგების პირველ პოზიციებზე არიან. რა თქმა უნდა, სკანდინავიის ქვეყნებში საკმაოდ მაღალი  ცხოვრების დონეა, თუმცა, სკანდინავიელების ბედნიერების მთავარი მიზეზი მაინც ოთხ მთავარ წესშია, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ერთგულად იცავენ.

* თავმდაბლობა და პატივისცემა  – სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს ე.წ. იანტეს კოდექსი – წესების ნუსხა, რომელიც არ სცნობს უფლებას ინდივიდუალიზმზე:

* ნუ იფიქრებ, რომ განსაკუთრებული ხარ

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენი თანასწორი ხარ

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენზე გონიერი ხარ

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენზე კარგი ხარ

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენზე მეტი იცი

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენზე მნიშვნელოვანი ხარ

* ნუ იფიქრებ, რომ ჩვენზე მეტი შეგიძლია

* ნუ იფიქრებ, რომ შგიძლია დაგვცინო

* ნუ იფიქრებ, რომ ვინმეს შენი ცხოვრება აინტერესებს

* ნუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ჭკუა გვასწავლო.

მართალია, თავად სკამდინავიელებიც იუმორით აღიქვამენ ამგვარ კოდექსს, თუმცა ის რეალურად მოქმედებს და ეხმარება მათ საოცრად მეგობრული, შეკრული საზოგადოების შექმნაში, რადგან თავმდაბლობა და გარშემომყოფთა პატივისცემა სკანდინავიელების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა.

ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის – სკანდინავიელებმა კარგად იციან დროის განაწილება ოჯახსა და სამსახურზე. დანიაში ოფისებისა და საწარმოების უმეტესობა საღამოს 5 საათზე იხურება, არავინ მუშაობს დამატებით საათებს და მითუმეტეს დასვენების დღეებში. ნორვეგიაში კი, რამდენიმე წლის წინ 6-საათიანი სამუშაო დღე დაწესდა, რაც არც ეფექტურობას აყენებს ზიანს და თანამშრომლებასაც აძლევს ოჯახთან ერთად დასვენების საშუალებას. ჩვეულებრივ, სკანდინავიელები ოჯახურ პიკნიკებს აწყობენ, ინტენსიურად მისდევენ სპორტს, მოგზაურობენ და ყველაფერი ამას საკმაოდ მკაცრი სკანდინავიური კლიმატის პირობებში ახერხებენ.

სახლი – შესანიშნავი სიტყვა „ჰუგე“ დანიელებისთვის მყუდრო სახლს, ნათესავებთან და მეგობრებთან თბილ ურთიერთობას ნიშნავს. დანიელებს ძალიან უყვართ ზამთრის ცივ საღამოს ერთად შეკრება და ბუხართან ახლოს, გემრიელი კერძებითა და სასმელით დიდხანს საუბარი. „ჰუგე“ – ერთობას, კომფორტს, ახლობლების მხარდაჭერასა და თანადგომას ნიშნავს, ამიტომ დანიელებისთვის უცხოა ზედმეტი სიამაყე და თავმომწონეობა.

რეალისტური მოლოდინი – წიგნში „ბედნიერები, როგორც დანიელები“ მალინ რიუდალი მკითხველს საკუთარი ხალხის ბედნიერების რეცეპტს უზიარებს. ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ მწერალი რეალისტური მოლოდინის ფორმულირებას თვლის, რაც მართალია, არ ნიშნავს ოცნებასა და ამბიციურ გეგმებზე უარის თქმას, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენჯერ გაგვცრუებია იმედი, გვინდა თუ არა, მაინც ვეთანხმებით დანიელების პრაგმატულობას. გარდა ამისა, რაც უფრო ნაკლებია მოლოდინი, მით უფრო დიდი შანსი გვაქვს გავიხაროთ სასიამოვნო სიურპრიზებით.

არც საკუთარი თავის სხვებთან შედარებაა ბედნიერების მოპოვების საუკეთესო საშუალება. თანამედროვე ეპოქაში, როცა ყველასთვის ხელმისაწვდომია სოციალური ქსელი, ხშირად გვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაცას ვერ ვასწრეთ, ბევრად უკეთ, ხარისხიანად შეგვიძლია ცხოვრება. თუმცა, რიუდალი თვლის, რომ დროა დავანებოთ თავი ილუზიების დევნას და იმით გავიხაროთ, რაც გვაქვს. სკანდინავიელების აზრით, ბევრად პროდუქტიულია მათთან შედარება, ვისაც ნაკლები აქვს, თუმცა არ ღირს  საკუთარი პერსონისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები