კომედიის ფესტივალი, რომელიც გორში იმართებოდა, 15 ივნისს სკანდალით დასრულდა. სამეფო უბნის თეატრის მიერ მიშა ჩარკვიანის რეჟისურით წარმოდგენილი„ დემონები“ მაყურებლის მცირე ნაწილმა უცენზურო სიტყვებისა და მათი თქმით, შეუსაბამო სცენების გამო ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა, მათ შორის გახლდათ გორის ვიცემერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მათთან შეეთანხმებინათ რეპერტუარი.
სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ჩარკვიანი ასეთი სტატუსით გამოეხმაურა თეატრალურ სკანდალს:
„დემონები“ ვითამაშეთ გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში, რომელმაც დარბაზში დიდი მღელვარება გამოიწვია ))) ვისაც არ გინახავთ, გეტყვით, რომ სპექტაკლში უხვადაა უცენზურო ტექსტი და კიდე ბევრი სხვა, რამაც შეიძლება გააღიზიანოს გარკვეული შეხედულებების მქონე მაყურებელი. დგებოდნენ და ტოვებდნენ დარბაზს ან ადგილზე ფუთფუთებდნენ შეურაცხყოფილები, მერე ფოიეშიც დიდი ამბავი ყოფილა ))) აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი, ახალგაზრდები ისხდნენ, დიდი ინტერესით უყურებდნენ და ისმენდნენ ამ სასტიკი, შავი იუმორით გაჯერებულ ტექსტს, რომელშიც მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც სასაცილო არაფერია ))))).
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით, თეატრი არსებობს მსგავსი პროცესებისთვის, ეს არის ის იშვიათი მომენტი, როცა თეატრი ამართლებს თავის ფუნქციას. ძალიან ბევრი ადამანი დარჩა დარბაზში, რომელსაც მოეწონა სპექტაკლ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა საკამათო საკითხი მათთვის, ვინც დარბაზში დარჩა და მათთვის, ვინც დარბაზიდან გავიდა და ამ დისკუსიის არსებობა უმნიშვნელოვანესია ქართულ თეატრალურ სივრცეში და მისი არარსებობა არის ამ წუთას ყველაზე მწვავე პრობლემა. მოკლედ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო და მიხარია, რომ ამ სპექტაკლით მოვხვდი ამ ფესტივალზე“.