LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ყარაჯალაში – შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

58
1

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ინციდენტის გამო, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით – მოქალაქეებს შორის მომხდარი ძალადობისა და პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტებზე დაიწყო.

უწყების ცნობით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყების თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს, გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

“სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები.

სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება.
ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.” – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

“დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

თელავის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ყარაჯალაში მოქალაქეებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები