დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყდა.
„სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულება „სითი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო შეწყდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია.
„10 აპრილამდე ეს კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, 10 აპრილიდან კი ამ სამუშაოს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
„ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს.
შემოსული ჯარიმების თანხები იმისკენ იქნება მიმართული, რომ სატრანსპორტო სისტემა განვავითაროთ,“ – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, „სითი პარკის“ 120 ინსპექტორი თანამშრომელი მერიის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება.
„მინდა, ასევე, შევეხო „სითი პარკის” თანამშრომლების საკითხს. მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკის” ინსპექტორები (დაახლოებით 120 ადამიანი), რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ პარკირების სისტემის მართვას, გადმოვიყვანოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება პარკირების სისტემის მართვისთვის იქნება გამოყენებული. ვავალებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მის ხელმძღვანელს, უზრუნველყოს ამ ადამიანების გადმოყვანა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, ვავალებ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. მხედველობაში მაქვს საპარკინგე სივრცეების კეთილმოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება, რაც მნიშვნელოვანია საპარკინგე სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის,“– აღნიშნა მერმა.