არასამთვრობო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან და სახელმწიფო უწყებებს მომხდარის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა იყოს შესწავლილი, მათ შორის, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.
NGO-ები 14 წლის გარდაცვლილი გოგონას საქმეში, ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს სოციალური პრაქტიკებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ასევე იკვეთება საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანობის ნიშნები.
“აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუ არასრულწლოვნის მოტაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო, ეს გამართლებულია
NGO-ები ფიქრობენ, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, არასრულწლოვნებთან მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობის კიდევ ერთი უმძიმესი გამოვლინებაა, რომლისთვისაც მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვნის ინტერესები უპირველესი საზრუნავი არაა, ხოლო წამოწყებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, მოზარდთა საჭიროებები მუდმივად უგულებელყოფილია.
“ნაცვლად იმისა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფოს არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები ჰქონდეს, იგი საკუთარ როლს ვიწროდ პასუხისმგებელი პირის გამოვლენაში ხედავს. გარდა ამისა, არ არსებობს ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისები, რომელიც მისაწვდომი იქნება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. დღეს არსებულ კოორდინატორების სამსახურებს პროკურატურის სისტემაში და შსს-ში რესურსების ნაკლებობა აქვთ და ძალადობა გამოვლილ ქალებსა და გოგონებს სათანადო სერვისებს ვერ სთავაზობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია. ასევე სახელმწიფოს მხრიდან, სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას, არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. მათი განცხადებით, მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება.
“ლუკა სირაძის თვითმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ამ საქმით კვლავაც თვალნათელია მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობა და უმოქმედობა, მათ შორის, კოორდინაციისდა ურთიერთგაძლიერების მიდგომების სისუსტე. ეს კი, დაუცველს ტოვებს ბავშვებს, რომელთა საუკეთესო ინტერესების დაცვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შინაარს გამოცლილ მიზნად რჩება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
2020 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლიდან 80%-ზე მეტი ქალია
თბილისში, ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლ, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს – ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად იყოს გამოძიებული, ისევე როგორც მის მიმართ სექსუალური ძალადობის ეპიზოდები. ისინი მოითხოვენ: გამოძიების დინამიკისა და შედეგების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია რეგულარულად მიაწოდოს.
NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას- საზოგადოების მაღალი ჩართულობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია დასამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
“განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საკითხებზე და უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მიმართ ინტერ-უწყებრივი ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დამნაშავეთა სათანადო პასუხისმგებლობას. გამოძიების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს რამდენად ქმედითი და დროული იყო პირველადი გამოძიება არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამოძიების ნაწილში”, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
ამასთანავე, მედიის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 13:00 საათზე, პროკურტურასთან აქციის გამართვას – სახელწოდებით “ნინისთვის” აპირებენ, რომლის მთავარი მოთხოვნა ბავშვებსა და ქალებზე ძალადობის პრევენცია იქნება.