ყატარში ლამის მონობას გათანაბრებული ვითარებაა.
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ ყატარში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობებზე უაღრესად მაღალი სიკვდილიანობის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნავენ, რომ ყოველ კვირას, დაახლოებით 12 ადამიანი იღუპება. ძირითადად, ესენი არიან მიგრანტები, რომელთა რიცხვმა მშენებლობებზე უკვე 1.2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. ამასთან, უახლოეს პერიოდში ყატარის მთავრობა გეგმავს მუშების მოზიდვას.
საინტერესოა, რომ სიკვდილიანობა, ძირითადად, არა უბედურ შემთხვევებს, არამედ სამუშაო პირობებს უკავშირდება. ადამიანები მუშაობენ 50-გრადუსიან სიცხეში და აქვთ შრომისა და ცხოვრების საშინელი პირობები. ამასთან, სრული განუკითხაობაა – დამქირავებლები იმუქრებიან, არ იხდიან ხელფასს, ართმევენ პასპორტებს, რითაც მუშებს საკონსულოსთვის მიმართვის საშუალება აღარ რჩებათ.
ყატარში ინდოეთის ელჩმა განაცხადა, რომ 2018 წლის პირველ 5 თვეში 82 ინდოელი მუშა დაიღუპა, 1460-მა კი შრომის არანორმალური პირობების გამო იჩივლა.
70-მა ნეპალელმა მუშამ შეძლო საკუთარი ქვეყნის საკონსულოში დამალვა და შემდეგ შინ გამგზავრება. როგორც ირკვევა, მათ ჩამოართვეს დოკუმენტები, არ უხდიდნენ ფულს და თან იქით ემუქრებოდნენ.