სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, – განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ.
ცნობისთვის, „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი“ აერთიანებს სირიის ოპოზიციურ ძალებს. კომიტეტი ჩართულია გაერო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.