ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Midnight Gold კლიპის პრეზენტაცია გადაცემა “კომუნიკატორში” დღეს გაიმართება.
კოლაბორაციული კლიპი ორი სხვადასხვა სცენარის მიხედვით შეიქმნა – ერთი რეჟისორმა თემო ეზუგბაიამ დაწერა და შემდეგ თავად გადაიღო, მეორე კი ნიკა კოჩაროვს ეკუთვნის, ხოლო მის გადაღებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა თემო კვირკველიამ იმუშავა. ვიდეორგოლის საბოლოო ვერსია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორს ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის.
ვიდეორგოლს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ერთად, ევროვიზიის მონაწილე ყველა ქვეყნის მაუწყებელი გაუშვებს.
შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული კომპოზიცია Midnight Gold ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში Red Bull STUDIOS ჩაწერეს.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61- ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები – ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz – მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.