2023 წლის 6 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულების, აითაჯ შახმაროვას დედის და ბიძის მორიგი პროცესი გაიმართა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ჩვენება მისცა მკვლელობაში ბრალდებულის დამ, სოილ სადიკოვამაც, რომელსაც აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ მოუწოდა, სიმართლე ეთქვა:
„სიმართლე თქვას. თქვას, რომ დამნაშავე მისი ძმა არის“, – თქვა შახმაროვას დედამ.
„ჩემმა ძმამ ალიმ სადიკოვმა მითხრა, ერთი გოგო მომწონს, ნიშნობისთვის რაც საჭიროა, ვიყიდოთ, დავნიშნოთო. ნიშნობაზე ჩვენი ოჯახი, ჩემი და, ბიძაჩემი, მამაჩემი წავედით. წინასწარ მოვილაპარაკეთ, აითაჯი 18 წლის რომ გახდებოდა, დაქორწინდებოდნენ. აითაჯი პირველად იქ ვნახე…
მითხრეს, შენი ძმა და საცოლე არიან სტუმრად მოსულიო. სახლში რომ მივედი, აითაჯი არ დამხვდა, ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ძმა არაფერს ამბობდა. მერე გავიგეთ, რომ აითაჯი ბადიაურში, დედასთან იყო, ვისგან გავიგე არ მახსოვს. აითაჯთან წავედით.
ეგანა [აითაჯის დედა] ტელეფონით საუბრობდა, თავის ძმასთან. მანქანა გაჩერებული იყო, ტაქსით იყო. მერე ეგანამ მითხრა, რომ მისი ძმა მოდიოდა და ალიმის ბიძის სახლში წავსულიყავით. აითაჯი ავტომობილში იჯდა, დედის მითითებით, გადმოვიდა ტაქსიდან და ორივე ჩვენს მანქანაში გადმოსხდნენ. აითაჯს არაფერი უთქვამს. ეგანა და აითაჯი ბიძაჩემის სახლთან გადავიდნენ. მე სახლში წამოვედი“, – თქვა სოილ სადიკოვამ.
ცნობისათვის, საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად.
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანის დედა და ბიძაც. მათ რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე: