სილქნეტმა გლობალ ტვ იყიდა.
ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს, რომელმაც აღნიშნულ შენაძენზე წინასწარი თანხმობის გადაწყვეტილება მიიღო.
შეძენილ აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით აცნობა.
კომისიამ საქმის წარმოების შედეგად მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის სს „სილქნეტის“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
კომპანიების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება ძალაში კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე შევიდა”, – აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ამასთან “ფორტუნასთვის” ცნობილი გახდა, რომ კომპანია “სილქნეტმა” “ჯეოსელიც” იყიდა. აღნიშნულ ფაქტს თავად სილქნეტის წარმომადგენლები არ ადასტურებენ.