LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკო დოლიძის სახლი ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა – „ამ ადამიანმა გადამარჩინა 17-წლიანი დამცირებისგან…“

1023

როგორც კინორეჟისორი ქეთი დოლიძე წერს, მამის, სახელოვანი რეჟისორის, სიკო დოლიძის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ოჯახი კარგავდა, ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა. ზუსტად ერთი საათის წინ ქეთი დოლიძე სააღსრულებო ბიუროში მივიდა და ოფიციალური საკითხები გადაწყვიტა.

კინორეჟისორს fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

ქალბატონო ქეთი, გილოცავთ სახლის დაბრუნებას. როგორია თქვენი ემოცია 17 წლის შემდეგ?

რა ემოცია უნდა მქონდეს გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამდენი წლის დამცირებისგან გადამარჩინა. მე ამას დამცირებად მივიჩნევ. ჩემი ბინა და მამაჩემისგან დატოვებული თითქმის მთელი ქონება საჩუქარ „ფესტივალს“ შევწირე. ზურაბ ჟვანიას ვკითხე, იქნებოდა თუ არა მისი დაფინანსების საშუალება, დამაიმედა, შემდეგ კი რაც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა, ამ თანხის გადახდა მე მომიწია.

აუცილებლად მინდა, რომ სტატიაში ბევრჯერ დაწეროთ გია ბუაძის სახელი და გვარი. ეს არის თაღლითი, რომელიც ფულის გაფლანგვისთვის ციხეშიც იჯდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისთვის ის წლები ცოტაა და 50 წლით მაინც უნდა გამოკეტონ გისოსებს მიღმა. მე ვიყავი მისი თაღლითობის პირველი მსხვერპლი, მან კიდევ 78 ოჯახი გააუბედურა და დატოვა ღია ცის ქვეშ. მათ შორის იყო გია კრიალაშვილიც, რომლის დაც დამიკავშირდა და მითხრა, ჩვენ გვკითხეთ, ვინ არის გია ბუაძეო. გია ბუაძეს ჰქონდა კომპანია, სადაც ადამიანებს აწევრიანებდა, რაღაც დოკუმენტზე მოტყუებით აწერინებდა ხელს, ბინას იპოთეკით ატვირთინებდა და შემდეგ ყველა მათგანი ბინის გარეშე რჩებოდა. ის სამი წლის განმავლობაში გახლდათ მარჯანიშვილის თეატრში კომერციული დირექტორი. იჯდა ერთ ოთახში ჩემთვის სანდო ადამიანებთან ერთად, მათ შორის იყვნენ კახა კანდელაკი და მიშა გიორგაძე, იმ პერიოდში თეატრის დირექტორი გაიოზ კანდელაკი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გია ბუაძე თაღლითი აღმოჩნდებოდა.

გია ბუაძემ დახმარება შემომთავაზა, როდესაც „საჩუქარს“ პრობლემები შეექმნა, მიმიყვანა ვიღაც საეჭვო ადამიანებთან, ისინი თავიდანვე არ მომეწონენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ცოტა ხანში გამოირკვა, რომ მე მქონდა რომელიღაც ბანკის ვალი. სალარო გასავლის ორდერზე აღმოჩნდა ჩემი ხელმოწერა. შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის იყო გაყალბებული… ბანკის ვალი დარჩა, ფესტივალის ფული კი, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა, მე გავისტუმრე და გავყიდე თითქმის მთელი ქონება, რაც მამაჩემმა დამიტოვა, მათ შორის ბინა ბათუმში, მიწა საგურამოში და ა.შ.

ყველა მთავრობას შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ არც ერთმა არ მოინდომა. საქმე დღესაც სასამართლოშია. ეს საქმე არ დაიხურება, რადგან ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ გააყალბა ჩემი ხელმოწერა. ამას გია ბუაძის გარეშე ვერ იზამდნენ. ამ საქმეს არ დავახურინებ.

სააკაშვილის დროს ჩემს საქმეს ხანდაზმულობა გაუვიდა და მჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა, მაგრამ ის ვერ მივიღე. როცა ნიკა რურუამ დამირეკა და ფული შემომთავაზა, ვუთხარი, რომ მათგან ფულს არ ავიღებდი, მინდოდა, სასამართლო მომეგო, თუმცა ამაზე არ დათანხმდნენ. ისეთი იურიდიული კაზუსი შეიქმნა, რომ თანხის გადახდის გარეშე ამ ბინას ვეღარ დავიბრუნებდი. სააღსრულებო ბიუროდან მეხვეწებოდნენ, იქნებ, რამე მოახერხოთ, რადგან ვალდებულები ვართ, ბინა გასაყიდად გამოვიტანოთო. სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელად ნიკა მელია მუშაობდა. მაშინ მან თქვა, მე სიკო დოლიძის სახლის გაყიდვას ხელს ვერ მოვაწერო… რეალურად არავის უნდოდა სკანდალი, მაგრამ არც ჟვანია, არც სააკაშვილი არ დამეხმარნენ, რომ სახლი დამებრუნებინა… ფონდიც შეიქმნა, სადაც უამრავი ცნობილი მსახიობი გაერთიანდა, რაღაც თანხა შეგროვდა, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მთლიანი ვალის დასაფარად.

ბატონმა ბიძინამ თავად გამოთქვა დახმარების სურვილი?

მე მისთვის არ მითხოვია. ბატონი ბიძინა ბოლო ერთი წელია, არ მინახავს. ჩემგან დამოუკიდებლად უთხრეს. ბინას გადახდის გარეშე ვერ დავიბრუნებდი. მან მიიღო ამ თანხის დაფარვის გადაწყვეტილება ჩემ გარეშე. ძალიან გამიხარდა, რომ ხმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ყალბი აღმოჩნდა, ღმერთი გაახარებს!..

რა თანხაზეა საუბარი?

მთხოვეს, რომ ეს არსად ვთქვა, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი.

ერთი რამის მეშინოდა… ერთ დღეს რომ რამე მომივიდეს, ჩემს შვილებს სახლიდან გამოყრიან-მეთქი. ამ ქვეყანაში მაქვს რაღაც ავტორიტეტი და სახლიდან არ გამომაგდეს… დღეს კი სახლი მე დამიბრუნდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები