„ამჯერად, არამხოლოდ სამეგრელოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომია რუსული წარმოების აფხაზურ აქციზიანი, ასევე რუსული, ბელორუსული ან სხვა ქვეყნების აქციზიანი და უაქციზო სიგარეტი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადმინისტრაციული საზღვრის პერიმეტრზე კონტრაბანდულად (სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული სატვირთო მანქანებით, ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში ახლომდებარე სახლებზე თოკების საშუალებით, სამგზავრო ავტობუსებით და ა.შ.) შემოტანილ სიგარეტს ნებისმიერ ქალაქში ნახავთ. ყველაზე ხელმისაწვდომია ორი ბრენდი: მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში ამ ორი ბრენდის გარდა NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენაც შესაძლებელია. ხაშურში მონიტორმა „ომეგას“ დასახელების სიგარეტიც (ყოველგვარი აქციზის გარეშე) შეიძინა. ბათუმში, აღნიშნული ბრენდების გარდა შესაძლებელი იყო მარლბოროს (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით) შეძენა.
„არალეგალური სიგარეტი (ძირითადად მანჩესტერი და MAC) ხელმისაწვდომი იყო ქალაქების მიმდებარე სოფლებშიც. კონტრაბანდული სიგარეტი ძირითადად ხელზე მოვაჭრეებთან იყიდება. ზოგ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ბაზრობების ტერიტორიებზეც. არსებული მდგომარეობის მიხედვით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სიგარეტის არალეგალურ იმპორტსა და დისტრიბუციას სერიოზული მფარველები ჰყავს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. სხვაგარად წარმოუდგენელია ასე ორგანიზებული და გამართული ქსელის მუშაობა. ეჭვებს ამძაფრებს პერიოდულად, კონტრაბანდის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი ხელისუფლების, ან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხილებაც. ცოტა ხნის წინ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს სწორედ სიგარეტის კონტრაბანდის გამო წაუყენეს ბრალი“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში”.
მათივე ცნობით, რადგან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ადმინისტრაციული საზღვარი გვყოფს, საბაჟო სამსახური ვერანაირ ზომებს ვერ მიიღებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეთანხმებული და რადიკალური მოქმედება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, 2017 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმთან მიერთებას სთავაზობს. შედეგად, ამ სფეროში რისკების დაზღვევის და უკანონო ვაჭრობის შესამცირებლად, საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ საკანონმდებლო, ტექნიკურ და პროფესიულ მხარდაჭერას მივიღებთ. აღნიშნულ ოქმზე მიერთებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ინდუსტრია და მათი მხარდამჭერები მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. თამბაქოს ინდუსტრიას აწყობს კონტრაბანდის არსებობა (თუნდაც მინიმალურ დონეზე, როგორც დღესაა, გამოვლენილი უკანონო ვაჭრობის მოცულობა სავარაუდოდ, სიგარეტის წლიური მოხმარების 1%-ს არ აღემატება), რომ მთავრობა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, აჩვენონ, თითქოს კონტრაბანდა, ან უკანონო ვაჭრობა გადასახადების გაზრდის გამო გაიზარდა, რაც არასწორია. შესაბამისად, ინდუსტრია ცდილობს გადასახადები თამბაქოს მკვლელ ნაწარმზე გაზრდის ნაცვლად, ძველ ნიშნულზე დააბრუნებინოს და ამ სფეროში გადაწყვეტილებები მათ კონტროლს დაექვემდებაროს, რათა როგორმე შეაჩერონ თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის კანონის, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკის გაძლიერებამ გამოიწვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 15-20 წლის წინ, საქართველოში, თამბაქოზე ყველაზე მინიმალური გადასახადის მიუხედავად, კონტრაბანდა 75%-ზე იყო, სწორედ კორუფციისა და სუსტი ადმინისტრირების გამო.