კორონავირუსი ახალგაზრდებში ინსულტს იწვევს. აღნიშნულ ინფორმაციას ,,სიენენი” ამერიკელი ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც შეამჩნიეს, რომ 30-50 წლის ასაკის კოვიდპაციენტებში, რომლებსაც არა აქვთ ქრონიკულ დაავადებათა ისტორია ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, გახშირდა ინსულტის შემთხვევები. ამერიკელმა ექიმებმა შენიშნეს ისიც, რომ ახალი კორონავირუსი სავარაუდოდ სისხლის შედედებას და მასში კოლტების წარმოქმნას იწვევს იმის ფონზეც კი, რომ პაციენტებს სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს აძლევენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ,,ვაშინგტონ პოსტმაც” გაავრცელა.
,,სიენენის” ცნობით პაციენტების ნაწილმა, რომელიც მოგვიანებით ჰოსპიტალში ინსულტით აღმოჩნდა, 911-ში დროულად არ დარეკა, რადგან მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ სასწრაფო დახმარება მხოლოდ სუნთქვის გაძნელების და მაღალი სიცხის დროს გამოიძახონ. აღნიშნულ პაციენტებს კი დაავადების საშუალო სირთულის მიმდინარეობის სიმპტომატიკა ჰქონდათ, ამიტომ საჭიროდ არ ჩათვალეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მით უმეტეს რომ ქვეყნის ჰოსპიტალები არსებული ვითარების ფონზე კოვიდპაცინეტებითაა გადატვირთული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სიენენთან” კომენტარი ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლინიკის ნეიროქირურგმა თომას ოქსლიმ გააკეთა, რომელსაც უკვე 5 კოვიდპაციენტი ჰყავდა ინსულტით. ყველა მათგანი 50 წელზე უმცროსი იყო.
,,როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსი მსხვილ არტერიებში სისხლის შედედებას და მასში კოლტების წარმოქმნას იწვევს, რაც ხშირად ინსულტის მიზეზი ხდება. ჩვენი ანგარიშების თანახმად, ბოლო ორ კვირაში შვიდჯერ გაიზარდა ინსულტის შემთხვევები ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები და პრეისტორია. ისინი სახლში იმყოფებოდნენ. ზოგ მათგანს კორონავირუსის საშუალო სიმპტომები ჰქონდა, ორ მათგანს კი საერთოდ არ ჰქონია სიმპტომები. ინსულტი ახალგაზრდა ასაკში ჯანმრთელობის პრობლემების არარსებობის ფონზე და მით უფრო ტვინის მსხვილ სისხლძარღვებში ჩვეულებრივი ამბავი არ არის”, – ამბობს ოქსლი.
მისი თქმით, ინსულტისას ტვინში სისხლის ნორმალური მიმოქცევა წყდება, რასაც ტვინის უჯრედების სიკვდილი მოსდევს. რაც უფრო დიდი ხანი სჭირდება სისხლის მიმოქცევის აღდგენას, მით მეტად ზიანდება ტვინის უბანი.
სწორედ ამიტომ ნეიროქირურგს და მის გუნდს მიაჩნიათ, რომ კოვიდპაციენტებს ახალი ინსტრუქციები უნდა მიეცეთ და იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე საეჭვოდ მოეჩვენებათ და ჩათვლიან,რომ სახეზეა ინსულტის თუნდაც რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.