LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლეს ვრისკავთ და ხელფასიც არ ავიღოთ? – მეშახტეები ახალი კვლევების მოლოდინში

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დასაქმებულმა მეშახტეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, მიზეზი – ხელფასების გაცემის შეწყვეტაა. როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, კოტე ჩხიტუნიძემ “ფორტუნას” განუცხადა, დღეს შახტში დასაქმებულებს ოფიციალურად უთხრეს, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან.

“იმ კვირაში ტყიბულში გერმანელი მკვლევარები ჩამოდიან. ამბობენ, რომ ეს მოკვლევა 2 თვით გაგრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ანაზღაურებას არ მოგვცემენ, რადგან შახტაში უკვე აღარც სარემონტო სამუშაოებში აღარ გვასაქმებენ. ყველა უბანი დაიკეტა,” – განუცხადა “ფორტუნას” კოტე ჩხიტუნიძემ.

ტყიბულის შახტში ხელახალი კვლევისა და საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად გერმანელი ექსპერტები მომავალ კვირას ჩავლენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტების კვლევითი პროცესი დაახლოებით, ხუთ კვირას გასტანს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ისინი ექსპერტებს 29 ოქტომბრისთვის ელოდნენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებმა შეაფერხა.

ბოლოს ტყიბულის შახტაში ივლისში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მომზადებული შუალედური დასკვნის რეკომენდაციით, ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა. არადა კომპანიის ძირითადი შემოსავალი სწორედ ნახშირის გაყიდვაა. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული ექსპერტების შუალედური დასკვნის მიხედვით, შახტში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები აკრძალულია, რადგან იქ დასაქმებულებისთვის ეს პროცესი სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველად დასახელდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შახტაში დასაქმებულების სამსახურებრივი განაცდურის ანაზღაურება ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაა. უწყებაში კი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

ახლა შახტში მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შესრულებაშიც ის მეშახტეები არიან დასაქმებული, რომლებიც ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს ეწეოდნენ. შესაბამისად, მათ ხელფასი ჩვეულებრივ, ივლისის შემდეგ ერიცხებათ. 800 მეშახტიდან რამდენიმე ათეული ასეთ საქმიანობას არ დათახმდა და მათ უბედური შემთხვევის დღიდან ამ დრომდე ხელფასი არ აუღიათ. ამას „ფორტუნას“ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ დოლაბერიძე ეუბნება.

„მეშახტეები ამჟამად შახტებში მუშაობენ, ოღონდ ნახშირის მოპოვებას არ ეწევიან უკვე დაახლოებით ერთი თვეა, უბრალოდ ისინი სარემონტო სამუშაოებზე არიან დასაქმებული იმისთვის, რომ შახტა არ დაზიანდეს, ხანძრები არ გაჩნდეს და ა.შ. ივლისიდან მოყოლებული კომპანიამ ხელფასი გადაუხადა აბსოლუტურად ყველას, ვინც მუშაობდა სარემონტო სამუშაოებზე. იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც უარი განაცხადეს სამუშაოებზე და რამდენადაც მე ვიცი, მათ შეექმნათ პრობლემა ხელფასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ აქ უკვე წარმოიშვა მეორე მიზეზი – იყო ხალხი, რომელიც შახტებზე მუშაობდა და ასევე ისინიც, ვინც შახტაში არც შესულან. შესაბამისად, ორივე ნაწილს ხელფასს თანაბრად ვერ მივცემო, კომპანიამ ასე განაცხადა. ვინც რემონტზე არ იმუშავა და ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანია, ხელფასი არ მიეცათ. დანარჩენები, ანუ მეშახტეთა ძირითადი მასა, ივლისიდან მოყოლებული, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ჩათვლით, ხელფასს იღებდნენ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თამაზ დოლაბერიძემ.

ნახშირმომპოვებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ვინაიდან ივლისის შემდეგ ნახშირს ვეღარ ყიდიან, კომპანიას ფინანსური რესურსი ამოეწურა და დასაქმებულებს ხელფასს ვეღარ გადაუხდის. ამას დაერთო ისიც, რომ სავარაუდოდ, 5 ნოემბრიდან გერმანელი ექსპერტები შახტში კვლევით სამუშაოებს დაიწყებენ, შემდეგ შედეგებს შეაჯერებენ და ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი ტყიბულის შახტში ნახშირის მოპოვების სამუშაოები ნებადართული.

 

არაანაზღაურებადი იძულებითი მოცდენა

 

თამაზ დოლაბერიძე ვარაუდობს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

„რამდენჯერმე პრემიერმინისტრს მივმართე წერილით, რამდენჯერმე – ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, გერმანული კომპანია რომ ჩამოვა და დაიწყებს კვლევას და კიდევ თვენახევარი-ორი თვე გაგრძელდება იძულებითი მოცდენა, ამ ხალხს ვინ გადაუხდის ხელფასს იმიტომ, რომ კომპანია აცხადებს, მე აღარ მაქვს ფინანსური რესურსიო. თუმცა, პრემიერმინისტრის აპარატისგანაც და ჯანდაცვის სამინისტროდანაც ამაზე პასუხი ვერ მივიღე,“ – ამბობს დოლაბერიძე.

პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარის, გაგა ისაკაძის თქმით, მათთვის ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გერმანელებმა უნდა ჩამოიტანონ ახალი ტექნოლოგიები და გააძლიერონ საწარმო ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის. თუ ეს პირობები მართლა შესრულდა, სავარაუდოდ, შახტში ნახშირმომპოვებითი სამუშაოები განახლდება.

ტყიბულის შახტის დირექტორის თქმით, პროფკავშირების მიზანია, შახტა დაიხუროს. ელდარ ჩაფიძე თამაზ დოლაბერიძეს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „მას საერთოდ უნდა აეკრძალოს შახტაზე საუბარი“

„დოლაბერიძემ რა იცის?! მას საერთოდ უნდა აუკრძალო შახტაზე ლაპარაკი, ეგენი არიან დაინტერესებული იმით, რომ შახტა დაიხუროს. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ, ოღონდ ნახშირის მოპოვებაზე არა. ჯერჯერობით მეშახტეებში არავითარი პროტესტი არ არის. მომავალში თუ ხელფასს არ მოგვცემენ, მაშინ დაიწყება პროტესტი. ჩვენ შახტაში ჩასვლით სიცოცხლეს ვრისკავთ და ხელფასიც არ ავიღოთ? ვეჭვობ, რომ როცა აქ გერმანელები ჩამოვლენ და კვლევას დაიწყებენ, ჩვენ რადგან შიგნით ვეღარ ვიმუშავებთ, ალბათ, ხელფასსაც არ მოგვცემენ. თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა, ამას მეშახტეთა პროტესტი მოჰყვება აუცილებლად! მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდი პროტესტი!“ – აცხადებდა ჯერ კიდევ გუშინ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ელდარ ჩაფიძე.

დიდი საპროტესტო ტალღის აგორებას აანონსებს ერთ-ერთი მეშახტე, კოტე ჩხიტუნიძეც. მისი თქმით, მეშახტეები ელოდნენ, რომ 1 ნოემბრიდან მათ ბურღვა-აფეთქებითი ლიცენზია დაუბრუნდებოდათ, შესაბამისად, ნახშირის მოპოვებას განაახლებდნენ და კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსიც გაჩნდებოდა.

„1 ნოემბრიდან თუ ბურღვა-აფეთქებითი ლიცენზია დაგვიბრუნდებოდა, კომპანია ჩვეულებრივად შეძლებდა ხელფასის გადახდას. თუ ნახშირი არ გამოვიდა და არ გაიყიდა, ფულს ისე ვერავინ გადაგიხდის. ახლა ნახშირს ვერანაირად ვერ მოვიპოვებთ იმიტომ, რომ ჯერ ისევ არ გვაქვს ბურღვა-აფეთქების ლიცენზია. უბრალოდ, შახტაში იმიტომ ვმუშაობთ, რომ არ განადგურდეს და ხანძარი არ გაჩნდეს. თუ იანვრამდე კვლევის ამბავი გაიწელა და ხელფასი ვერ გადაგვიხადეს, მერე უკვე დავაანონსებთ აქციებს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გუშინ კოტე ჩხიტუნიძემ.

ჯერ უცნობია, რა ბედი ელით შახტში დასაქმებულებს მას შემდეგ, რაც გერმანელი ექსპერტები იქ კვლევით პროცესს განაახლებენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული შახტის შუალედური დასკვნის მიხედვით, იქ მუშაობა დასაქმებულების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში, ივლისში მომხდარ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 4 და დაშავდა 6 მეშახტე.

 

თათია კაკიაშვილი