პანდემიის გამო საბავშვო ბაღების ხშირად დაკეტვამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბაღის აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და თავად აღმზრდელების ცხოვრება. გლობალურმა პანდემიამ ასევე დიდი გავლენა იქონია თავად მშობლებზეც, რომელთაც წესით და რიგით, ყველაზე უკეთ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ინფექციის რისკები. ამასთან, მიღებული შედეგიც და მით უფრო მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის რამდენიმე ბაღში თავად მშობლების გულგრილებისა თუ არასერიოზული დამოკიდებულების გამო, აღსაზრდელები ინფიცირებისგან დაცულები არ არიან – სხვადასხვა მიზეზით, რაზეც ოდნავ ქვემოთ, თავად მშობლების კომენტარებითაც დარწმუნდებით.
31 დახურული ბაღი – ინფიცირებული აღსაზრდელები და თანამშრომლები
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით, ინფიცირების შემთხვევების გამო, სულ 31 ბაღია დახურული, მათგან ზოგიერთი ნაწილობრივ, რაც ნიშნავს, რომ ბაღში სააღმზრდელო პროცესს მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი გამოეთიშა. როგორც „ფორტუნას“ ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ასეთი ბაღების რიცხვი (ნაწილობრივ დახურული) 14-ს შეადგენს.
ამასთან, ისიც გვითხრეს, რომ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, თითქმის ყველა სრულად დაკეტილი ბაღი, უახლოეს 2 კვირაში მუშაობას განაახლებს. საგულისხმოა, რომ მეტწილად საბავშვო ბაღების დაკეტვის მიზეზი, თავად იქ დასაქმებული თანამშრომლების ინფიცირებაა, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ვირუსი მშობელს ან აღსაზრდელს უდასტურდება და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სააღმზრდელო პროცესი სრულად ჩერდება. ბაღების სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის 31 ბაღიდან, 23 თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა, ხოლო აღსაზრდელების შემთხვევაში, ასეთი 8 ფაქტი გამოვლინდა.
„ნუ მოგყავთ გაციებული ბავშვები ბაღში!!!“
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თავად ბაღების გაფრთხილებისა, როგორც აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს გარკვეული გამოხატული სიმპტომებით აღსაზრდელები ბაღში მაინც მიჰყავთ. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს სურდო, ძლიერი ხველა, ტემპერატურა, რა დროსაც ცხადია, ტესტირების გარეშე, ინფიცირების გამორიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია და ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კოვიდი უკვე დიდი ხანია ბავშვებსაც ემართებათ.
მაგალითად, გუშინ თბილისის 74-ე ბაგა ბაღმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მშობლებს მოუწოდებს, გამოხატული სიმპტომებით აღსაზრდელები ბაღში არ მიიყვანენ.
„მშობლების საყურადღებოდ ვწერ, ნუ მოგყავთ გაციებული ბავშვები ბაღში!!! დღეს მასწავლებელი გააფრთხილებს იმ მშობლებს ვის შვილებსაც აქვს სურდო და ხვალიდან ნუ მოიყვანთ ასეთ გაციებულ ბავშვებს ბაღში, ალერგიას და გაციებას ჩვენ ვარჩევთ ერთმანეთისგან – სამი გამოცდილი ექთანი გვყავს ბაღში. გაუფრთხილდით თქვენს შვილებსაც და სხვის შვილებსაც და ბაღის თანამშრომლებსაც!!“ – წერს 74-ე ბაგა ბაღი.
რას წერენ თავად მშობლები
გთავაზობთ რამდენიმე აღსაზრდელის მშობლის კომენტარს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Happy Kids-ის ღია „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „სამწუხაროა რომ ამის წერა გვიწევს. ჩვენი ბაღიც სწორედ იმიტომ დაიკეტა, რომ დედას ჰქონდა კოვიდი, მაგრამ შვილი მაინც დაჰყავდა ბაღში. რამდენიმე დღეში კი ბავშვსაც დაუდასტურდა… სამწუხაროა რომ პასუხისმგებლობის გრძნობის ძალიან დაბალი დონეა საზოგადოებაში,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ჯგუფში.
კიდევ ერთი მშობელი კი წერს, რომ მნიშვნელოვანია ასეთ დროს 112-ს ეცნობოს , რომ კოვიდ ინფიცირებული ოჯახის წევრი არღვევს იზოლაციას და ოჯახის წევრი ბაღში მიჰყავს. „შეამოწმებენ და არსებობს ამაზე უკვე სანქცია, საკმაოდ დიდი ოდენობის,“ – აღნიშნავს იგი.
„სიცხის წამლებს ასმევენ ისე მიჰყავთ საბავშვო ბაღებში და როგორ გგონიათ კონტაქტის გამო დატოვებენ სახლში? ამ ყველაფერს რომ ასრულებდეს მშობელი კარგი იქნებოდა. დილით წამალს რომ დაალევინებს და ისე უშვებს, რომ მალავს კონტაქტს მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა. იმედია აიღებენ პასუხისმგებლობას ასეთი მშობლები რომ გაუფრთხილდნენ სხვებსაც,“ – წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი.
„ქმარს კოვიდი დაუდასტურდა და ბავშვი ბაღში დაჰყავდა არ გადაედოსო ამ შემთხვევაში ვერც ბავშვი დაიცვა და ვერც სხვა აღსაზრდელი..(ასეთი შემთხვევები და ამდაგვარი უამრავია თუმცა ჩამოთვლას არ დავიწყებ… რაც შეგვეხება ჩვენ, ამიერიდან ორი პირბადით დავდივართ, რადგან სიტუაცია უმართავი გახდება,(შიგნით თუ არ მუშაობთ გარედან ვერ მიხვდებით)“ – აღნიშნული კომენტარიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელს ეკუთვნის.
ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი კი იმაზეც მიუთითებს, რომ ძალიან ბევრია ისეთი მშობელი, რომელიც ბავშვს სიცხის დამწევს აძლევს და ბაღში ისე უშვებს. „ასეთებისთვის სულერთია რას დაწერთ ან რას ეტყვით,“- წერს იგი სოციალურ ქსელში.
ამ კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ ხშირად პატარები თავად მშობლების გულგრილობის გამო ზარალდებიან, რაც ბუნებრივია ზოგად პანდემიურ მოცემულობას მნიშვნელოვნად ცვლის, ბავშვები კი კვლავ ბაღის გარეშე რჩებიან.