„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი როლი ახალ საპარლამენტო ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ფორმალურია.
მისივე განმარტებით, ფრაქციის შექმნის ინიციატორებს მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით გაუწია დამხარება.
„გიორგის და ხათუნას ჰქონდათ სურვილი, რომ შეექმნათ ფრაქცია, რადგან ფრაქციისთვის განკუთვნილი რაღაც რესურსების გამოყენება უნდათ, მაგალითად როგორიცაა, ბიუროს სხდომებში მონაწილეობა, ისევე როგორც მეტი დრო. მე ეგეთ რაღაცებში არ ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ უბრალოდ დავეხმარე ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ფრაქცია შექმნილიყო.
შვიდი ადამიანის ხელმოწერა სჭირდებოდათ და ჩემი როლი ამით შემოიფარგლება, მეტი არაფრით. სხვა არაფერი როლი არ მექნება.
არ ვიღებ რუტინულ საქმიანობაში მონაწილეობას სულ მცირე ოქტომბრის არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში, თუ ამას ვერ მივაღწიეთ მერე სხვა რეალობის წინაშე ვიქნებით, მაგრამ ამ წუთში ამ რეჟიმში ვარ და ამ რეჟიმში ვაგრძელებ“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ეს რიგით მეორე ოპოზიციური ფრაქციაა, რომელიც პარლამენტში შეიქმნა.
ფრაქციაში “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ერთიანდებიან: “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი წევრები – გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციის თავმჯდომარე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.