შვეიცარიის საელჩო დღეს, კინოთეატრ “რუსთაველში” შვეიცარიული ფილმის – “გაურკვევლობა” ჩვენებას გამართავს.
როგორც შვეიცარიის საელჩოდან გვაცნობეს, აღნიშნული ფილმის ჩვენებას შვეიცარიის საელჩო ფრანკოფონიის თვის ფარგლებში აწყობს.
ყოველი წლის მარტში მთელი მსოფლიო ფრანკოფონიის თვეს აღნიშნავს. ამ დროს წევრი ქვეყნები სხვადასხვა მუსიკალურ და ლიტერატურულ ღონისძიებებს ატარებენ, აჩვენებენ ფილმებს, აწყობენ დებატებს და საუბრებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
“შვეიცარია, რომელიც არის ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და რომლის ერთ-ერთი სახელმწიფო ენაა ფრანგული, თავის წვლილს შეიტანს ამ ღონისძიებებში და აჩვენებს შვეიცარიულ ფილმს “გაურკვევლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფილმის ჩვენება 9 მარტს, 20:00 საათზე, კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართება და მის ჩვენებას უზრუნველყოფს შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
“ფილმი მოგვითხრობს გუანტანამოს ციხის ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელსაც შვეიცარია ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს. პატიმარს სთავაზობენ და ეხმარებიან დაიწყოს შვეიცარიაში ახალი ცხოვრება და სწორედ ამ პროცესში ჟენევის უშიშროების დეპარტამენტის უფროსი აღმოაჩენს, რომ ღრმად არის ჩაფლული უზარმაზარ მორევში, სადაც არაფერი არ ხდება ისე როგორც დაგეგმილია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შვეიცარიის საელჩო ფილმის ჩვენების გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებს ეპატიჟება.