LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

601
ნიკო ფიროსმანი

შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბეილერის ფონდის, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და „ინფინიტ არტის“ თანამშრომლობითა და ორგანიზებით შედგა. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, ბეილერის ფონდის ხელმძღვანელი სამუელ კელერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფიროსმანის 46 ნამუშევარი, რომელთაგან 45 შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის, ხოლო ერთი ნამუშევარი სოფელ მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდანაა. გამოფენის კურატორი გახლავთ დანიელ ბაუმანი – ციურიხის კუნსტჰალეს დირექტორი.

ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე. წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.

ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბეილერის ფონდში გამოფენის მოწყობამდე ფიროსმანის ნამუშევრების მასპინძელი გახლდათ ლუიზიანას (დანია) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის გამოფენას მიმდინარე წლის 4 მაისიდან 20 აგვისტომდე მასპინძლობდა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენების ევროპაში მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას განიხილეს. 2022 წლის ივნისში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა, და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის, ბაზელში ვიზიტისას, ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან, გაიმართა მოლაპარაკებები და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა; 2022 წლის სექტემბერში კი დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერს, რის შედეგადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიროსმანის ნამუშევრებს, 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა. ასევე, 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ბეილერის ფონდსა და ლუიზიანას მუზეუმს შორის. მემორანდუმი სამუზეუმო საქმიანობაში გრძელვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს რესტავრაცია-კონსერვაციისა და საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია, რომ ბეილერის ფონდი ლუიზიანას მუზეუმთან ერთად იმუშავებს ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური ვებგვერდის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ლუიზიანას მუზეუმმა გამოსცა ნიკო ფიროსმანის გამოფენის კატალოგი, ხოლო ბეილერის ფონდი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ალბომს გამოსცემს.

აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა და დაბინავდა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმსა და შემდეგ შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში. შვეიცარიაში ტრანსპორტირების შემდეგ რესტავრატორებმა ნანა მანაგაძემ და მარკუს გროსმა შეამოწმეს ნახატების მდგომარეობა. ფიროსმანის ნამუშევრების გადატანა დანიიდან შვეიცარიაში ასევე უვნებლად მოხდა და ისინი უცვლელ მდგომარეობაშია. ნახატების გადაზიდვას კომპანია „Kunsttrans“-ი უზრუნველყოფს, რომლის სახელითაც საქართველოში ოპერირებს კომპანია „Uart“-ი.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები სამშობლოში 2024 წლის თებერვალში დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები