LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში მცხოვრები პოლონელი გოგონა, რომელიც საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებულია

1302
chemi polineligogo

ჯოანა ბარბარა ბიელაკი უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს სერიოზული ფანია. იცის ქართული კულტურა, ყველა შესაძლებლობისთანავე სტუმრობს ქვეყანას და მოვლილი აქვს უამრავი მხარე. კერძებზე, წეს-ჩვეულებებზე და სხვა დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე, ბევრ ქართველზე უკეთ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ინდივიდუალიზმის გამო, საქართველო მისთვის შეუცვლელია.

ყველაფერი 2016 წლის ოქტომბერში, ვარშავაში დაიწყო. ჯოანა ვარშავაში მყოფ ქართველ სტუდენტს დაუმეგობრდა, რომელსაც აქ ტურისტული კომპანია ჰქონდა. სწორედ მან დაპატიჟა ჯოანა პირველად საქართველოში.

„პირველი ბილეთი საქართველოსკენ 2017 წლის აპრილში ვიყიდე. ჯგუფთან ერთად ვიყავი – რუსები, გერმანელები და მე. შესანიშნავი გიდი გვყავდა და ბევრი ძალიან ლამაზი ადგილი ვნახე, თუმცა ჯგუფური ტურები არასდროს მიყვარდა, ამიტომ ტურის დასრულების შემდეგ, მე თბილისში დავრჩი.

პირველ რიგში რითაც მოვიხიბლე ქართული მენტალიტეტი და ცხოვრების წესია. ეს იმდენად მარტივი და ადამიანურია…

შვედეთისგან განსხვავებით, სადაც ვცხოვრობ, აქ ხალხი რობოტებივით არ არის. მე, როგორც ტურისტი, ალბათ ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვხედავ, მაგრამ ჩემი აზრით, აქ ხალხი ერთად ცხოვრობს, უზიარებენ ერთმანეთს ემოციებს, ამბებს. გაუცნობიერებლად იციან, რომ „ერთად ძლიერები ვართ“.

შვედეთში ჩვენ ინდივიდუალიზმს გვასწავლიან, მარტოობას, დამოუკიდებლობას… ამ ყველაფერს კარგი მხარეებიც აქვს, მაგრამ არ ვიცი, მგონია, რომ საქართველოში ხალხი უფრო რეალურია, მგონია რომ ასეთი უნდა იყოს ადამიანი,“ – ამბობს ჯოანა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში და მიზეზებს, თუ რატომ უყვარს ასე საქართველო მის გენებშიც ეძებს.

ყვება, რომ მაღალი მთები და ველური ბუნება იტაცებს.

„ნაწილობრივ პოლონეთის აღმოსავლეთიდან არის ჩემი გენები (ვილნუსიდან და ლვოვიდან, რომელიც მაშინ პოლონეთის იყო) ნაწილობრივ კი – პოლონეთის მთებიდან. ასე რომ, ჩემი გენები, პოლონეთის აღმოსავლეთის და მთების ნაზავია. მიყვარს მთები, თავს კარგად ვგრძნობ, როცა მთებით ვარ გარშემორტყმული. არ გამოვრიცხავ ქართული გენებიც მქონდეს [იცინის]. არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, მაგრამ მგონია, რომ ქართული სული მაქვს,“ – ამბობს ჯოანა.

ეს ერთი ნახვით შეყვარებაა და ყოველი ვიზიტისას, გრძნობები უფრო უმძაფრდება. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მაინც თბილისი უყვარს და ქალაქში შეუძლია საათობით ისეირნოს:

„რატომ თბილისი? აქ მთელი საქართველოა გაერთიანებული. პატარა ქალაქში ერთდროულად, უამრავი რამის აღმოჩენაა შესაძლებელი.“

აქ უკვე იმდენჯერ იყო, რომ ქართველი მეგობრებიც ჰყავს. ეს კი საქართველოს სიყვარულისთვის, მისთვის დამატებითი მიზეზია. გარდა იმისა, რომ კულტურა გაიცნო, კუთხეები მოიარა, კერძები დააგემოვნა და შეიყვარა, მოიხიბლა ქართული ენითაც, იმდენად, რომ მისი შესწავლა გადაწყვიტა.

ქართული ანბანის სილამაზის გამო კი, მიმდინარე წლის ზამთარში, თბილისში ეს ტატუც გაიკეთა.

 

„ქართული ენის კურსებზე მინდა სიარული, მაგრამ ამ ეტაპზე სახლში ვსწავლობ. ვიყიდე საბავშვო წიგნები წერისა და კითხვის შესასწავლად, ასევე მეგობრები მეხმარებიან ქართულში. რთული ენაა, მაგრამ როცა ქვეყანა გიყვარს, მისი ენის შესწავლა გიადვილდება,“ – ამბობს ჯოანა.

 

 

ჯოანასთვის ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც საქართველოშია, უცხო არ არის. უკვე იმდენად გათვიცნობიერებულია ქართულ ისტორიასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, რომ ამაზეც ფიქრობს და საკუთარი მოსაზრება აქვს:

„პოლონეთიდან ვარ და ჩემმა ქვეყანამაც ძალიან ბევრი ომები და ბნელი დრო გამოიარა, საქართველოს მსგავსად. საქართველო არ უნდა დანებდეს. ამისთვის პოლიტიკოსებმა უნდა იმუშავონ, როგორ ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა – ქართველები უფრო დამოუკიდებლები უნდა გახდნენ, აშენდეს ქარხნები, კომპანიები, ეს პატარა ნაბიჯებია, რომელიც საქართველოს ძლიერ ქვეყანად აქცევს. ამ კუთხით შვედეთი კარგი მაგალითია, აქვთ „ვოლვო“, „იკეა“ და სხვა ქარხნები. ისინი თავიან პროდუქტებზე აკეთებენ აქცენტს. ვფიქრობ, საქართველომაც ეს უნდა გააკეთოს, როცა ამ პატარა ნაბიჯებს დგამ, დამოუკიდებლობა და ფული ერთად მოდის“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები