შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ დღეს ნატოში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
ხელმოწერის პროცესს მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.
როგორც მოგვიანებით მინისტრმა განაცხადა, ეს არის შვედეთისთვის სერიოზული და საუკეთესო ნაბიჯი.
“ეს ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული შეგრძნებაა და ეს არის ისეთი შეგრძნება, თითქოს ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა დრო დასჭირდება ამ პროცესს, მაგრამ სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ამას შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს.
მიმდინარე კვირაში ეს განცხადება ფინეთის განაცხადთან ერთად შევა და შემდეგ განიხილება ნატოში”, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების შესახებ 16 მაისს განაცხადა.