„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე საბურთალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს, რომლის დროსაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი – ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
„როგორც კი ბუკა გონზე მოვიდა, ოჯახის წევრების შემდეგ მის სანახავად მეც შევედი. ვერ აღგიწერთ, რა მძიმე სანახავი იყო. ჩემი თხოვნით მან დეტალრად გაიხსენა, რა მოხდა იმ ავბედით დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე. 26 თებერვალს ლევან მიქელაძის დაბადების დღე იყო. როგორც ჩანს, მკვლელობის დამკვეთმა კარგად იცოდა, რომ ჩვენი პარტიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ბუკა ლევანის საფლავზე აუცილებლად მივიდოდა, იქ მისულს ლევან მიქელაძის კიდევ სამი მეგობარი დახვდა, მათ შორის კახა საკანდელიძე და ზურა ლომაშვილი. მესამე მეგობრის სახელი არ მახსოვს. ბუკას სანთელი დაუნთია და შემდეგ მეგობრებთან დაუწყია საუბარი.
ამ დროს ვიღაც მიეპარა და ჩაქუჩი ჩაარტყა. ბუკა არ წაქცეულა, მოტრიალებულა და თავდამსხმელის ჩაქუჩიანი ხელი დაუჭერია. როგორც ბუკა იხსენებს, მას ორი პირი დაესხა თავს, ერთი იყო ძალიან მაღალი, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა და კეპი ეფარა, მეორეს კი შედარებით მომცრო ტანისას, ნიღაპი ეკეთა და კაპიუშონი ეხურა… იმ მაღალს, რომელსაც ჩაქუჩი ეჭირა, ბუკა წინააღმდეგობას უწევდა და ამ დროს დავარდნილა. თავდამსხმელს უთქვამს, ხელი გაწიე, თორე უარესი დაგემართებაო. ამ დროს ჩაქუჩი მეორე ხელში გადაუტანია და თავში ჩაურტყამს. ბეწვზე გადავრჩით – ჰემატომა ზუსტად საფეთქელთან აქვს.
მეორე კი, შედარებით მომცრო ტანის, ბუკას მეგობრებს იარაღს უღერებდა – არ ჩაერიოთო. მას ხელში ბეისბოლის ჯოხიც სჭერია.
როდესაც ამ მაღალმა წაქცეულ ბუკას თავში ჩაქუჩი კიდევ ერთხელ ჩაარტყა, იმ მეორეს ტყვიები დაუხლია. ამ დროს ბუკას კახა საკანდელიძე გადაჰფარებია, მასაც დაადეს იარაღი და უთქვამთ, შენ არაფერს გერჩით და ნუ ერევიო. სროლის შემდეგ თურმე ისევ გამეტებით ურტყამდნენ წაქცეულ ბუკას. როგორც ჩანს, ხმაურმა მოსახლეობამდეც მიაღწია. ერთ ქალს უყვირია, 112-ში უკვე დავრეკე და პოლიცია მოდისო. მაშინვე გაქცეულან, როგორც ამბობენ, ახლოს მანქანა არავის შეუმჩნევია, ალბათ უმანქანოდ იყვნენ.
მსგავსი ფაქტები მხოლოდ რუსეთში ხდება, ჩვენ კი ეს 90-იან წლებში გავიარეთ. ხელისუფლებამ დროულად უნდა დააკავოს შემსრულებლები, თუ დანაშაულს ვერ გახსნიან, მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ახლობლები კი, რომლებმაც, ამ ეტაპზე ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს, მომხდარის შესახებ მთავარ ვერსიად მაინც პირად შურისძიებას განიხილავენ. მათი თქმით, სანამ ალექსი პეტრიაშვილს გაიცნობდა, ეკა მიშველაძეს რომანი ჰქონდა ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან (რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს), რასაც ჟურნალისტი თავის დროზე არც მალავდა. როდესაც ამ ბიზნესმენმა მიშველაძისა და პეტრიაშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ძალზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პოლიტიკოსს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. ახლობლების თქმით, პეტრიაშვილსა და ამ ბიზნესმენს საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სწორედ მათი მონაწილეობით „საქმე გაირჩა“, იყო ძალზე მწვავე საუბრები, რის შესახებაც თბილისში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის. ამ შეხვედრის შემდეგ თითქოს კონფლიქტი ამოიწურა, 2015 წელის ოქტომბერში პეტრიაშვილი და მიშველაძე დაქორწინდნენ, მაგრამ… პეტრიაშვილის ახლობლებს უჭირთ დაკონკრეტება, რა მოხდა წყვილის ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ – მიშველაძის ყოფილი მეგობარი მამაკაცი ვინმემ წააქეზა, მისი პროვოცირება მოახდინა თუ მამაკაცური ღირსების შეურაცხყოფა ბოლომდე ვერ „მოინელა“ და პეტრიაშვილის დასჯა მაინც გადაწყვიტა… პეტრიაშვილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ კვალი სწორედ ზემოხსენებული ბიზნესმენისკენ მიდის.
წყარო : “კვირის პალიტრა”