Schuchmann Wine Spa აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც ”ფორტუნას” ღვინის მწარმოებელი კომპანია ”შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, კახეთში, სოფელ კისისხევში, შუხმანის შატოს სტუმრებს უახლოეს მომავალში განსაკუთრებული სპა მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.
”ჩვენ შევიმუშავეთ ახალი, ადგილობრივი ბრენდი სპა მიმართულებით, რომელსაც უშუალოდ ღვინის სპა მიმართულება ექნება. ყველა პროცედურა ღვინოსთან იქნება დაკავშირებული და პროცედურების ჩატარება მხოლოდ ღვინის ექსტრაქტზე დამზადებული ზეთების მეშვეობით იქნება შესაძლებელი”, – განმარტა ნუცა აბრამიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეს იქნება სრულიად ექსკლუზიური კონცეფცია, რომელშიც ყველა მასალა ბუნებრივი ნედლეულისგან იქნება დამზადებული. მომხმარებელს საუნებით და სამასაჟე ოთახებით სარგებლობაც შეეძლებათ.
კომპანიის დირექტორის თქმით, ეს სფერო ე.წ. „ლაქშერი” მიმართულებაა. მომსახურების ფასები საშუალოზე ოდნავ მაღალი იქნება, თუმცა კონკურენტული და კომპლექსის სტუმრებისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი.
ნუცა აბრამიშვილი Schuchmann Wine Spa-ს გახსნას თბილისშიც არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ეს კახეთში მიღებულ გამოცდილებასა და მომხმარებლის მხრიდან არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. პირველ ეტაპზე, Schuchmann Wine Spa უმეტესად უცხოელ სტუმრებზე იქნება გათვლილი.