LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

90

ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა.

ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით განხორციელებული პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ გამორჩეული პროექტი გარემოზე ზემოქმედების კონტექსტში. ეს არის პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და უზრუნველყოფს სათბური გაზების წელიწადში 200 ათას ტონამდე შემცირებას. ასევე აღსანიშნავია „შუახევიჰესის“ პროექტის ტექნიკური მახასიათებლებიც, განსაკუთრებით კი – 37-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში მეორეა სიდიდით,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლა– კომპანიამ შექმნა პრეცედენტი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და ქვეყანაში ამ მხრივ საქმიანობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. პრემიერის თქმით, პროექტმა დიდი სარგებელი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების, კომპენსაციების კუთხით და გადასახადების სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში.

“ჩვენთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც მოტივაციას შეუქმნის მათ, არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას. აქვე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს და მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების შესწავლისა და მშენებლობის მიმართულებით. ორი დღის წინ მე მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ჩვენს მთავრობას საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს ქარის ელექტროსადგურის აქციები და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „შუახევიჰესი“ თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში და იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის.

შუახევიჰესის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე და განხორციელდა უახლესი ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხით და უმოკლეს დროში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო საქართველოს 730 მოქალაქე. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია, ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს, განხორციელდება ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები