LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას გეგმავს

95

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულია 116 პირი.

„სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების, მათ შორის, სასწავლო,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.

დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას თქმით, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიყო, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები