„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მათ არ აჩერებენ. მისივე თქმით, დღეს მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ განსახილველ საკითხთა სიიდან ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხი ამოღებული ყოფილიყო.
„შსს-ს შენობას უფრო ჰგავს ეს დაწესებულება, იმდენი პოლიციელია აქ მობილიზებული. დიახ, ეს მობილიზება გააკეთეს იმისთვის, რომ ეშინიათ თბილისელების. დღეს საკრებულოში მიმდინარეობს თბილისისთვის ხელის გადაგრეხვა და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია საკრებულოსი იმისთვის, რომ რამდენიმე საათში უპატაკოს ბიძინა ივანიშვილის, რომ მისი დავალება შესრულებულია ათიანზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის თქმით, დღეს საკრებულოში რეკრეაციული ზონისთვის სახელის შეცვლას გეგმავდნენ და ივანიშვილისთვის გადაცემას აპირებდნენ.