LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ქვემო ქართლში ტაქსისტის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

171
lenti5-1510236534-e1529148959568

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლში ტაქსისტის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ა. და 2005 წელს დაბადებული ა.ა. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას აღნიშნული ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის – 1969 წელს დაბადებული შ.ლ.-ს მოკვლა განიზრახეს.

ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს. ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ნ.ა.-ს და ა.ა. -ს კვალს მიაკვლიეს, რის შემდეგაც ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. ამავე დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ქვემო ქართლში შუახნის კაცი მოკლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები