შსს-მ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა პერტაიამ “ფორტუნასთან” განმარტა, შსს-მ დაიწყო გამოძიება საკუთარი ინიციატივით და თათია დოლიძეს მათთვის ჯერ არ მიუმართავს.
რამდენიმე საათის წინ შსს-ში “ფორტუნასთან” ამ საკითხის კომენტარისას კი განაცხადეს, რომ საკითხზე გამოძიება ან მოკვლევა თათია დოლიძის მიმართვის გარეშე ვერ დაიწყებოდა. თუმცა, იურისტები განსხვავებულ კომენტარებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ მედიაში და მათ შორის სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა მიმართვის გარეშეც უნდა დაიწყოს.
სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 151. მუქარა
1. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.