LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს – უწყება აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

82
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აქციის დროს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება, ამის მიზანი კი თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა.

სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს შეახსენებს, რომ შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, აღნიშნული წესების დარღვევა კი გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება.

აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები