LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირთა უფლებების დაცვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან ისევ გამორიცხულია: შშმ აქტივისტების განცხადება

76
1

14 ივნისი საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების შეფერხებულ პროცესს ეხმიანებიან და მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით ნაკისრი, ვადაგადაცილებული ვალდებულებები.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევის, მათ შორის, პანდემიის ფონზე, შშმ პირთა საჭიროებები და მათი მძიმე სისტემური უფლებადარღვევების ფაქტები უმეტესწილად სხვა, სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიერ უფრო პრიორიტეტულად მიჩნეული საკითხებით იფარება და ამ ჯგუფის წარმომადენელთა უფლებების დაცვა კვლავ გამორიცხულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონმა, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ივლისში მიიღო, ამოქმედების პირველ ეტაპზე – 2020-2021 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ვალდებულებად პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემუშავება განსაზღვრა. თუმცა, შშმ თემის მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად, კანონში შესაბამისი ვალდებულებების დაწესებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკის ჩარჩო დროულად შემუშავებულიყო.

განცხადების ავტორები საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა:

“ამ პერიოდში მხოლოდ ორი აქტივობის განხორციელება გახდა შესაძლებელი – იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის დამტკიცდა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მიღების პროცედურები, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნახევარი წლის დაგვიანებით შეიმუშავა და დაამტკიცა სურდო თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა.

აღნიშნული ინსტრუმენტების არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთა თემისთვის, თუმცა ისინი ვერ ანაცვლებს კანონით გათვალისწინებულ სხვა ძირეულ ვალდებულებებს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შშმ აქტივისტები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ:

◼  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შშმ პირთა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ამ პროცესში შშმ თემის წევრების, მათ შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების აქტიური ჩართულობა;

◼  უმოკლეს ვადებში შექმნას კონვენციის იმპლემენტაციისა და კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც იქნება კონვენციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში და, მათ შორის, გაითვალისწინებს შშმ თემის ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

◼  შშმ თემის ჩართულობით უზრუნველყოფილი იყოს ყველა უწყების მიერ წლიური სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც შინაარსობრივად დაეფუძნება შშმ პირთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებს;

◼  შემუშავდეს შშმ თემისა და ორგანიზაციების ჩართულობის სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელების დროს;

◼  განხორციელდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების აქტიური და სიღრმისეული ინფორმირება კონვენციითა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

მიმართვის ტექსტის ავტორები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

◼  შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებაზე განახორციელოს აქტიური და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ პროცესში უზრუნველყოს შშმ თემის აქტიური ჩართულობა და მათი პოზიციების პრიორიტეტიზაცია.