შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ დაიწყო.
კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავ ყველა მსხვერპლს: არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი, თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ!“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კამპანიის პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.
ღონისძიებას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თავად ძალადობის მსხვერპლები ესწრებოდნენ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი, რეალური ისტორიები უამბეს და იმის შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ გაუმკლავდნენ მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას შსს-ს თანამშრომლების დახმარებით.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე, გამოვლინდა კონკურსის – „საგაზეთო სტატია ოჯახში ძალდობის შესახებ“ 3 გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
პრეზენტაციის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრე სტუმრებმა სპეციალურ სტენდზე გამოსახულ ლოგოზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს და ამით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს სოციალურ კამპანიას შეუერთდნენ.