LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი ადასტურებს, რომ მისი პირველი მოადგილე გიორგი ჭანტურიას დაკითხვაზე იყო

70

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუ ეს ტაქტიკა იქნება არჩეული, ამას ჩვენზე არანაირი ზემოქმედება არ ექნება, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 40 საათით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას, სადაც ადვოკატი შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

შს მინისტრი ასევე ადასტურებს, რომ საბანაძე ჭანტურიას დაკითხვაზე იმყოფებოდა.

“დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან. აქედან გამომდინარე, გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას ყველა სახით და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული. რაც შეეხება ჩემს პირველ მოადგილეს, ის გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში არავითარი უფლებამოსილების გადამეტებასთან საქმე არ გვაქვს.

„დაკითხვაზე, რა თქმა უნდა, იყო, შეიძლება არ უთხოვია აღიარება, მაგრამ ის ასრულებდა საგამოძიებო ფუნქციებს. არანაირი გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია. ტაქტიკას – თავდაცვა თავდასხმაა, ჩვენზე არავითარი გავლენა არ ექნება. ჩვენი ამოცანაა ეს საქმე იყოს გახსნილი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები