LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს: ლინა ღვინიანიძე

94
ლინა ღვინიანიძე

ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც რვა ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი მეშახტე გარდაიცვალა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თმით, „შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ ნეკროლოგები დაასაბუთოს“.

ლინა ღვინიანიძე ინსპექციას მოუწოდებს, „რამე გააკეთონ ხალხისთვის, ვინც ამ კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიჰყავთ“.

ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა: შრომის ინსპექცია

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ის ასევე წერს, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, შრომის ინსპექცია შახტში ერთხელაც არ შესულა.

„მეშახტე ჭაბუკა სოფრომაძე, წუხელ ტყიბულის შახტში მეთანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 8 მეშახტე მისივე ცვლიდან თბილისში გადმოიყვანეს სხეულის დამწვრობით და მძიმე მოტეხილობებით.

2010 წლიდან ტყიბულში 38 მეშახტეა დაღუპული.

შრომის ინსპექციამ უკვე თქვა რომ: “აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას”. ეს ინსპექციის გარეშეც ვიცით რომ ასეა. ასეთი აფეთქებები მაშინ ხდება, როდესაც მეთანის კონცენტრაცია სათანადოდ გაზომილი არ არის ან ეჭვია რომ მაღალია მაგრამ ბრიგადა მაინც იღებს დავალებას აფეთქებაზე.

ასე იყო 2018 წელს როცა სახიფათო და რთულ უბანზე მუშაობა დაევალათ მეშახტეების რამდენიმე ცვლას.

ერთის მამა გვიყვებოდა რომ მის შვილს ამ უბანზე შესვლის ეშინოდა. ამბობდა რომ სახიფათოა იქ აფეთქება თუმცა, მაინც ავალებენ. უბანზე მუშაობის დაწყებიდან მალე, მის მეგობრებთან ერთად ამ უბანზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. იმ წელს ამ შახტში 12 ადამიანი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა რომ შახტს მუშაობა პანდემიის მიუხედავად არ შეუწყვეტია, ინსპექცია 2020 წლიდან იქ ერთხელაც არ შესულა.

შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს. რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც ამ კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიჰყავთ!“, – წერს ლინა ღვინიანიძე.