LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია – ბიუროკრატიული სტრუქტურა თუ დასაქმებულთა უფლებების დამცველი

181

ეკონომისტების ნაწილის მოსაზრებას, რომ შრომის ინსპექცია კერძო სექტორში ჩარევისთვის შეიქმნა, დასაქმების სააგენტოებში არ ეთანხმებიან. არის თუ არა აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოსთვის ფუფუნება და რამდენად აქვთ შესაძლებლობა დასაქმებულებს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან?

Hr.ge–ის დირექტორი ნოდარ შურღაია რადიო “ფორტუნას” გადაცემა “ბიზნესკურიერთან” საუბარში განმარტავს, რომ შრომის ინსპექციის ძირითადი ფუნქცია არის, აიძულონ კომპანიები შრომითი ურთიერთობის ფარგლებში კანონი დაიცვან.

„იკვეთება ტენდენცია, რომ დასაქმებულები საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს და უმეტეს შემთხვევაში საქმე მათ სასარგებლოდ წყდება.  2012 წელს შრომის კოდექსიში განხორციელებულმა ცვლილებებმა გავლენა იქონია დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთოერთობაში.” – განაცხადს ნოდარ შურღაიამ.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა შრომის ინსპექციის ცალკე ინსტიტუციად არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს.  როგორც „ფორტუნას“ ლეჟავამ განუცხადა, ეს არის სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში.

„შეიძლება ეს არ არის სახელმწიფოს მხრიდან, გამიზნული ქმედება, რომ ჩაერიოს კერძო სექტორის საქმიანობაში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ასე ჩანს,“- განაცხადა ლეჟავამ.

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას არ იზიარებენ თავად შრომის ინსპექციაში. როგორც „ფორტუნას“ შრომის ინსპექტორმა ოთარ გრიგოლიამ განუცხადა,  კომპანიების მხრიდან, მოთხოვნის შემთხვევაში შრომის ინსპექცია ამოწმებს ამ კომპანიაში შრომის უსაფრთხოებას, ჰიგიენასა და პირობებს, რის შემდეგაც ინსპექციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კომპანიები ითვალისწინებენ.

„არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომ ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულფასოვნად იქნა ათვისებული, კომპანიებმა დაიწყეს მუშაობა ამ შეუსაბამობების გამოსწორებაზე, ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ნაწილოვბრივ მოხდა რეაგირება, თუმცა, შემთვევას, როცა საერთოდ არ მოხდა რეაგირება ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, ადგილი არ ჰქონია.“- განაცხადა გრიგოლიამ.

შრომის ინსპექცია 2015 წლის ზაფხულში შეიქმნა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით,   4 მლნ ლარი გამოიყო, მიმდინარე წელს კი 4 025 000 ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები