თუ დიდხანს ნაფიქრი რემონტის დასრულების შემდეგ იატაკი უფრო მუქი მოგივიდათ, ვიდრე გინდოდათ, ან საწოლთან ჩამრთველი დაგაკლდათ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ერთდროულად რუტინული და სასიამოვნო რემონტის პროცესი წვრილმან დეტალებამდე იდეალურ გათვალს საჭიროებს.
ინტერიერის დიზაინერი, ლელი შევჩენკო, საოცნებო ბინის მოსაწყობად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს.
„ბინის რემონტისას ყველაზე ხშირია კითხვა – შეღებვა სჯობს თუ შპალერი. შეღებილი კედელი ფერის ცვალებადობის გასაქანს გვაძლევს . თუ კონკრეტული ფერი მოგვბეზრდება, მარტივად გადავღებავთ, თუმცა, გამძლეობის თვალსაზრისით, შპალერი სჯობს. თანამედროვე შპალერი კედელზე წარმოქმნილ ბზარებს მეტად იტანს. არსებული დილემის მარტივად გადაჭრა შეიძლება ბაზარზე არსებული სხვადასხვა ფაქტურის შესაღები შპალერით. პროდუქტი რამდენიმე გადაღებვას იტანს და საუკეთესო გამოსავალია მსგავს სიტუაციაში,“ – ამბობს ლელი შევჩენკო.
საცხოვრებელი სივრცის დაგეგმვისას აუცილებელია ოჯახის ცხოვრების წესის გათვალისწინება. არასასურველია თინეიჯერი ოჯახის წევრებისა და მშობლების საძინებლების გვერდიგვერდ განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმამაღალი მუსიკა მშობლების ძილის გარანტირებული ფონი იქნება.
სტუდიო თუ სამზარეულო, შეღებვა თუ შპალერი – თუ საოცნებო ბინის დაგეგმვა თავსატეხად გექცათ, ყველა ამ დილემის გადაჭრაში სპეციალისტის რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ.
თამუნა გოგუაძე