შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
იმავე ოდენობის თანხას მიიღებენ გურიაში განვითარებული მოვლენების დროს, სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები.
„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას.
ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.
რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე.