შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა, – აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლების” გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.
ცნობისთვის, გლოელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა.
როგორც „რადიო თავისუფლება” წერს, გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს.
„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.
23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.
ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, – ჰყვება სოფოს ძმა გიორგი „რადიო თავისუფლებასთან”.
ბავშვის დასახმარებლად ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქცია წამოიწყო. თვითონვე გაუკვირდათ, ფული ისე მალე შეგროვდა.
„თავიდან გვინდოდა ელემენტარული თანხა მაინც შეგვეგროვებინა, რომ როგორმე ოჯახს დავხმარებოდით. პოსტი სამჯერ დავდეთ და მეტი არაფერი დაგვჭირვებია. ხალხმა აიტაცა, თავისით ავრცელებდნენ და აზიარებდნენ. უნდოდათ, ლუსის უკეთ ეცხოვრა“, – ამბობს „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ წარმომადგენელი ლამარა ბოჭორიშვილი.
შეგროვებული ფულით ბავშვისთვის თბილისში პატარა ბინის ყიდვას აპირებენ. სანამ ლუსი გაიზრდება, მის მეურვეებს სახლის გაქირავება შეეძლებათ.
„უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება“, – ამბობს ნანა სოხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 27 მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, 6 ადამიანს კი ეძებენ.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა