დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატ ელისო რუხაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიება ბეგაშვილის გარდა კიდევ სხვა ქალსაც გამოკითხავს, რომელიც ადვოკატის თქმით, ასევე ძალადობაზე საუბრობს.
„დავით ბაგრატიონი ითხოვდა გარკვეული უპირატესობის აღიარებას. ძალადობა იყო ხერხი, მიზანი კი ის, რომ ანას კონკრეტულ დოკუმენტზე ხელი მოეწერა. ძალადობა ხშირი იყო, პირველად 2009 წელს, როცა თვენახევრის დაქორწინებულები იყვნენ.
ქალბატონი შორენა ბეგაშვილიც ამბობს, დავით ბაგრატიონი მცემდაო. ეს ყველამ მოისმინა ტელეეკრანიდან. გამოძიება გამოკითხავს ბეგაშვილსაც და კიდევ სხვა ქალს, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაგრატიონი მასაც სცემდა. შესაძლოა დავით ბაგრატიონი არა მხოლოდ ანამ, სხვებმაც ამხილონ ძალადობაში. ანა ბაგრატიონს სხეულზე 30-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა, უმოწყალოდ იყო ნაცემი. ჯერ მუშტებით სცემა და წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა. ძალიან კარგად იცის ბატონმა დავითმა ეს და წასვლით თავის დაძვრენა სცადა,“ – განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს საგამოძიებო ორგანოში იძიებენ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი როგორც ცნობილია, გამოძიების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან გავიდა.