LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკისმომგვრელი ვიდეო – როდის დაიწყო მოკვლევა და თამაშობენ თუ არა ლურჯ ვეშაპს საქართველოში

649

მოზარდის მიერ მიყენებული თვითდაზიანება, რომელიც ვიდეოში ჩანს, სახიფათო თამაშს, “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდება, – ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს. ამავეს ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც მოზარდი სწავლობს. დირექტორს ეს ინფორმაცია, როგორც ამბობს, გამოძიებისგან აქვს. მისივე თქმით, სახიფათო თამაშთან რაიმე კავშირს უარყოფს თავად ბავშვიც.

“ფორტუნამ” კადრები, რომელშიც ჩანს როგორ იყენებს არასრულწლოვანი დაზიანებებს მაკრატლით, ექსკლუზიურად გუშინ მოიპოვა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მათთვის ამ ვიდეოს შესახებ ცნობილი ერთი კვირის წინ გახდა და სამართალდამცავ სტრუქტურებსაც სწორედ ამ დროს მიმართეს. მისი განცხადებით, გამომძიებლებმა, რომლებიც 11 წლის მოსწავლის საქმეს იძიებენ, სახიფათო თამაშის ვერსია გამორიცხეს.
თუმცა, გაუგებარი რჩება, როდის დაიწყო მოკვლევა შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ, თუ გუშინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.

“თქვენ რომ გაიგეთ, უკვე გამოძიებული იყო ყველაფერი, ერთი კვირის წინ გავიგეთ და მაშინვე მივმართეთ პოლიციის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვაკე-საბურთალოს განყოფილებას დავუკავშირდით და იქიდან წავიდა შსს-ში. 26 თუ 25 ოქტომბერი იყო”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორისგან განსხვავებულ ინფორმაცია მოგვაწოდეს თავდაპირველად შსს-ში. უწყებაში თავიდან გვითხრეს, რომ მოკვლევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.

“როგორც კი გავრცელდა გუშინ ინტერნეტში, მოვახდინეთ რეაგირება, გამოიკითხნენ მშობელი და სხვა პირები. არანაირი კავშირი არც “ლურჯ ვეშაპთან” და არც სხვა რაიმე ტიპის ინტერნეტთამაშთან ამ შემთხვევას კავშირი არ ჰქონია. თუ საჭირო იქნება, გამოკითხვები გაგრძელდება”, – განაცხადეს შსს-ში.

კითხვაზე, რატომ იყო რეაგირება გუშინ, როდესაც რეალურად, ინფორმაცია ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას რამდენიმე დღის წინ მიეწოდა, უწყებაში გვითხრეს, რომ ამას დააზუსტებენ. მოგვიანებით კი განმარტეს, რომ თავდაპირველი რეაგირება რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ, გუშინ კი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კვლავ განახლდა გამოკითხვა.

“რამდენიმე დღის წინ განცხადება შემოიტანა მოზარდის დედამ, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი, შესაძლოა, ჩართული იყოს “ლურჯი ვეშაპის” თამაშში. მყისიერი რეაგირება გვქონდა, ჩატარდა წინასაგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა გოგონას დედა, თავად გოგონა და თამაშთან კავშირი არ დადასტურდა”, – განმარტეს უწყებაში და დასძინეს, რომ გუშინ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მათ კვლავ ქონდათ რეაგირება და გამოკითხეს ოჯახის წევრები.

 

კადრები გუშინვე მოიპოვა “რუსთავი 2”-მაც. მათი ინფორმაციით, სკოლის ხელმძღვანელობისგან და შსს-სგან განსხვავებით, ინტერნეტ თამაშის ვერსიას მოსწავლის ოჯახი არ გამორიცხავს. მოზარდის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი გარშემომყოფებთან კომუნიკაციას ერიდება და მიზეზებზე სახლში არ საუბრობს.

სკოლის დირექტორი “ფორტუნასთან” ბავშვის ქცევის მიზეზად ოჯახურ პრობლემებს ასახელებს, თუმცა რაიმე სახის ძალადობას გამორიცხავს. მისი ინფორმაციით, “ბავშვმა დედის მეორედ გათხოვება ვერ აიტანა”. მისივე თქმით, საქმეში ჩართულია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

“ფსიქოლოგებთან გადამისამართებულნი არიან. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი დღეს მოდის ჩვენთან სკოლაში. ყველანაირი ზომა მიღებულია. შსს-დანაც გუშინ იყვნენ მოსული. ფსიქოლოგები დღეს ხვდებიან მშობლებს, რადგან ამ მშობლების ემოციური ფონი არასასიკეთოდ ისახება ბავშვებზე. თამაშის ვერსიას არც ბავშვი ადასტურებს და არც გამოძიებით დადასტურდა”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

“ფორტუნა” ასევე დაინტერესდა ჩაერთვება თუ არა საქმეში და იმუშავებს თუ არა ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტო, სადაც გვითხრეს, რომ მოკვლევა ჯერ შსს-ში მიმდინარეობს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ჩაერთვებიან მას შემდეგ, რაც შსს ბავშვის იდენტიფიკაციას მოახდენს და სოცსააგენტოს მონაცემებს მიაწოდებს, თუმცა შსს-მ იდენტიფიკაციაც მოახდინა და “ლურჯ ვეშაპთან” კავშირიც უკვე გამორიცხა.

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები