LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშები ბავშვებში – მშობლებისგან ნასწავლი ჩვევა თუ თავდაცვითი მექანიზმი

4650
shishi

შიში შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. უბრალოდ ასაკთან ერთად იცვლება შიშის ობიექტი და რეაქციის ხასიათი. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი მთელი მონდომებით „ასწავლის“ ბავშვს იმას, თუ რისი უნდა ეშინოდეს მას.  მაგალითად, როცა დედას ეშინია ძაღლის და ამას გამოხატავს შვილის თანდასწრებით, ბავშვიც სწავლობს მისგან, რომ შესაძლოა, ამ მისთვის უწყინარმა არსებამ „უკბინოს“ და ამიტომ უნდა ეშინოდეს მისი ან უკეთეს შემთხვევაში მოერიდოს მაინც. ეჩვევა შიშს, რომელიც მიყვება ზრდასრულობამდე და ზოგჯერ სიცოცხლის ბოლომდეც. შესაძლოა, შიშის გამომწვევი იყოს თითქოსდა უწყინარი ფრაზა, „ჭამე, თორე ძაღლი (აუა) მოვა და გიკბენს“.

მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ამას გარდა, კიდევ მრავლადაა ცხოვრებისეული სიტუაციები, როცა მშობელი მისდაუნებურად შვილს შიშს ასწავლის. ექიმის შიში, ნემსის შიში, სიბნელის შიში, პოლიციელის შიში – ეს არასრული სიაა იმის, თუ რის შიშსაც ასწავლიან მშობლები შვილებს.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შიში, ისევე, როგორც სხვა ემოცია ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. ევოლუციურად ის ეხმარებოდა და ეხმარება ადამიანს, გადარჩეს ისეთ სიტუაციებში, სადაც მის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე – შიშის ემოცია უკავშირდება ფიზიოლოგიურ დონეზე იმ სტრუქტურების აქტივაციას, რაც ხელს უწყობს ადამიანს დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინოს ძალების იმგვარად ორგანიზება, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე.

თუმცა, შიში, შესაძლოა იქცეს სირთულედ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს ხელს უშლის ფუნქციონირებაში – თუკი ის ხშირად აღმოცენდება ისეთი მოვლენის, სიტუაციის პირობებში, რომელიც ობიექტურად არ წარმოადგენს საფრთხეს და/ან ადამიანს უჭირს ასეთ შემთხვევაში დროულად „გაუშვას“ შიშის ემოცია და მოცული ხდება შიშით. ამგვარ შემთხვევებში საჭირო ხდება სპეციალისტის ჩართულობა.

 

ნათია დეკანოიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ორივე მათგანს ეშინია ძაღლის და ლიფტით მგზავრობის, რადგან ამის მაპროვოცირებელი დედა გახდა.

„ბავშვობიდან მეშინია ძაღლების. პანიკური შიში მაქვს ყველაზე პატარა და უწყინარი საყვარელი ძაღლიც რომ მხვდება და ამას რომ ხედავდნენ ჩემი შვილები მათაც ეშინიათ ძაღლების. მეშინია ასევე თაგვების. ლიზას აჩუქეს სათამაშო თაგვი, ძალიან საყვარელი ვარდისფერი, არც კი ჰგავდა თაგვს. იმასაც კი ვერ ვკიდებდი ხელს და ლიზა მამშვიდებდა სათამაშოა და არაა საშიშიო, თუმცა ძაღლების მაინც ეშინიათ. ასევე ეშინიათ ლიფტით მგზავრობის. მთელი ბავშვობა სულ ის მესმოდა – „არ გაიჭედოს“, „შუქი არ ჩაქვრეს და იქ არ დარჩე“ და ამის გამო დღემდე ვერ ვმგზავრობ ლიფტით, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. ვერც ჩემი შვილები – ჰგონიათ, რომ რაღაც საშიში ხდება ლიფტში“, – აღნიშნა ნათია დეკანოიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

ნათიას მსგავსად ძაღლების შიში 6 წლის ლუკასაც დედამ „ასწავლა“, თუმცა, ლუკამ ამ შიშთან გამკლავება თავად შეძლო.

„ქუჩაში რომ დავინახავდი ძაღლს, მეშინოდა და ეს შიში მეტყობოდა კიდეც. ამის გამო ლუკასაც განუვითარდა ძაღლის შიში, თუმცა, შემდეგ თვითონ დაძლია. მეგობარს ჰყავდა პატარა ლეკვი, რომელსაც ეფერებოდა და მიეჩვია ძალიან. დღეს კი ქუჩაში გამვლელებს რომ ნახავს ძაღლით ხელში, ეკითხება იკბინება თუ არა და შემდეგ ეფერება ხოლმე,“ –  აღნიშნა თაკო ივანიაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

 

ფსიქოლოგები გვირჩევენ

თავად ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ შიშები საკმაოდ ადრეული ასაკიდან იჩენს თავს და ის წლამდე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება.

„ყოველ კონკრეტულ ასაკში ბავშვის გონებრივი თუ ემოციური განვითარების კვალდაკვალ სხვადასხვა შიშები იჩენს თავს. არსებობს შიშები/შფოთვები, რომლებიც გარკვეულწილად ტიპიურია ამა თუ იმ ასაკისთვის, თუმცა ყოველი კონკრეტული ბავშვისთვის სხვადასხვა ხარისხითაა შემაწუხებელი და ასევე სხვადასხვა ტემპით დაიძლევა. მაგ. წლამდე ასაკის ბავშვებს ეშინიათ მაღალი ხმების; 8-10 თვის ასაკში შესაძლოა შეეშინდეთ უცნობი ადამიანის, განსაკუთრებით თუკი უცნობი მიუახლოვდება და სთხოვს მასთან მისვლას; 1-2 წლის ასაკისთვის ბავშვები განიცდიან შფოთვას, როდესაც მშობელი ტოვებს მათ; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის კი ტიპიურია მაგ. სიბნელის შიში, ეშინიათ მონსტრებისა და მოჩვენებისაც. 6-7 წლის ასაკში ბავშვებს ეშინიათ მეტად კონკრეტული საგნების/მოვლენების, მაგ. ქურდის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ბავშვთა ფსიქოლოგმა ლიკა ბუწაშვილმა.

ის ასევე ადასტურებს იმას, რომ შიშების ჩამოყალიბებას შესაძლოა ბიძგი მისცენ გარშემომყოფებმა.

„თუკი მშობლებს აქვთ მრავლობითი შიშები, მათ რეაქციებზე დაკვირვების საფუძველზე, ბუნებრივია, ბავშვი დაისწავლის, რომ კონკრეტული საგანი/მოვლენა საფრთხესთანაა დაკავშირებული. ის, თუ რისი ეშინიათ ბავშვებს, რამდენად ინტენსიურია მათი ემოცია და როგორ უმკლავდებიან შიშებს, დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორებიცაა ტემპერამენტი, ასაკი, თავად მშობლების შფოთვის ხარისხი, ცხოვრებისეული სტრესული ფაქტორები/მოვლენები, მშობლების აღზრდის სტილი და სხვა. ზოგიერთ ფაქტორს ვერ შევცვლით, როგორიცაა ასაკი, ტემპერამენტი; ხშირ შემთხვევაში ცხოვრებისეული სტრესული მოვლენების აღმოცენებაც ჩვენი კონტროლის მიღმაა, თუმცა მშობლის/მნიშვნელოვანი ადამიანის ხელთ მაინცაა ძლიერი ბერკეტები, რომელთა მეშვეობითაც შეუძლია დაეხმაროს ბავშვს შიშებთან გამკლავებაში,“ – აცხადებს ლიკა ბუწაშვილი.

ის მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვის ფიზიკური და სოციალური გარემო იმგვარად მოაწყონ, რომ ობიექტურად საფრთხის შემცველი სტიმულები მაქსიმალურად იყოს გაკონტროლებული უფროსების მიერ.

მაგალითად ისეთი ნივთები, რომლებიც საფრთხის მომტანია ბავშვისთვის, განთავსებული არ იყოს მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას; ეს იმისათვის, რათა გამუდმებით არ დასჭირდეს მშობელს ბავშვისთვის ინსტრუქციის მიცემა, რომ მოერიდოს აღნიშნულ საგნებს, რათა არ მოხდეს შიშის ემოციის აქცენტირება.

„ბუნებრივია გარემოში არსებობს ისეთი საგნები, მოვლენები, რაც ობიექტუად საფრთხის შემცველია, მაგ. ფანჯრის რაფაზე ასვლა, ცხელ საგანთან შეხება, ბასრი ნივთით თამაში და სხვა. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია ბავშვს მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულ შეზღუდვებზე, თუმცა ეს გავაკეთოთ სიფრთხილით – ნაცვლად იმისა, რომ მშობელმა უბრალოდ უთხრას, რომ ეს საშიშია და უყვიროს, თუკი ბავშვი მიუახოვდება საშიშ ობიექტს, ბავშვს ეს მშვიდი ტონით, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას ისეთ დროს, როდესაც ის მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. აგრეთვე, იმის ნაცვლად, რომ დასცინოს შიშების გამო ან აიძულოს მათი დაძლევა, აღმოუჩინოს მხარდაჭერა – აგრძნობინოს ბავშვს, რომ ესმის მისი – რამდენად რთული და შემაწუხებელია შიშის ემოციის ქონა; იყოს მის გვერდით იმ დროს, როდესაც ბავშვს ეუფლება შიშის ემოცია და პატარ-პატარა ნაბიჯებით დაეხმაროს შიშების დაძლევაში. მაგ. თუკი 4 წლის ბავშვს ეშინია საწოლის ქვეშ დამალული მონსტრის, მშობელს შეუძლია მოახდინოს მისი ემოციის ვერბალიზება – მხარდამჭერი ტონით უთხრას, რომ მას (ბავშვს) აქვს შიშის ემოცია და ფიქრობს, რომ საწოლის ქვეშ დამალულია მონსტრი; ჩაეხუტოს; გარკვეული ხნის შემდეგ კი, როდესაც ბავშვი შედარებით მეტად დაცულად იგრძნობს თავს, ნელა, ბავშვის ტემპის გათვალისწინებით მიუახლოვდნენ საწოლს, მშობელმა ასწიოს გადასაფარებელი და შეიხედოს საწოლის ქვეშ, უთხრას, რომ იქ არანაირი მონსტრი არაა. შემდეგ კი სთხოვოს  ბავშვს, რომ მანაც შეიხედოს. ამგვარად, მშობელი დაეხმარება ბავშვს, დაძლიოს შიში და ამასთან ჰქონდეს განცდა, რომ მან ეს შეძლო, რაც მნიშვნელოვანია არამარტო იმისთვის, რომ მომავალში შეძლოს ემოციების ეფექტურად გადამუშავება, არამედ საკუთარი თავის მიმართ რწმენის ჩამოყალიბებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, მხარდაჭერის კვალდაკვალ ბავშვს შესთავაზოთ შიშებთან გამკლავების კონკრეტული ნაბიჯებიც“, –  აღნიშნა მან.

 

ამასთან არსებობს, შემთხევებიც, როცა მშობელი ავლენს ზემზრუნველობას და არ უქმნის ბავშვს გარემოს, სადაც იგი (ბავშვი) შეძლებს შიშთან გამკლავებას, ეს კი ფსიქოლოგის აზრით, სამომავლოდ დიდი რისკია არამარტო იმისა, რომ ბავშვმა ვერ გადალახოს შიშები, არამედ იმის, რომ ვერ ჩამოუყალიბდეს სირთულეებთან გამკლავების უნარი.

„შესაძლოა სთხოვოთ ბავშვებს, დახატონ ის, რისიც ეშინიათ და შემდეგ იმგვარად გააფორმონ, რომ სასაცილო ან სახალისო გახდეს კონკრეტული საგანი.  დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ საკუთარი შიშები/შფოთვა და მოიძიონ შესაბამისი დახმარება მათთან გასამკლავებლად“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლიკა ბუწაშვილმა.