გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ვიდეო: შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა
როგორც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.
„აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა, ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნულმა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი“, – განაცხადა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.
ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.
ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.
წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა – გეოლოგი შიომღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლაზე