LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

55

შიდა ქართლში 365 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 51 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო.

შიდა ქართლში, ქარელის, გორისა და კასპის რაიონებში 365 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამის ფარგლებში გაშენდა 835 ჰა, ხოლო დაფინანსების მოცულობა 4  მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.