რაც შეეხება გზებს, მხოლოდ მთავარი ქუჩაა მოწესრიგებული. ტროტუარებიც გაკეთდა და კარგია, რომ ხალხი შუა ქუჩაში არ დადის. შიდა გზებზეა ორმოები, მცირე წვიმაზე ხალხი ვეღარ დადის, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, – ამის შესახებ ურეკში მდებარე სასტუმრო „გრაციას“ მფლობელი მზია ხორნაული აცხადებს. ის ამბობს, რომ კურორტზე ნაკლებადაა განვითარებული კვების და გასართობი ობიექტებიც, რაც პრობლემას ქმნის.
მზია ხორნაულმა გარდა პრობლემებისა, „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცლად ისაუბრა საკურორტო სეზონის მოლოდინებზეც.
„ტურისტი პანდემიის პერიოდში უფრო გვყავდა, ვიდრე წლევანდელ ივნის-ივლისში. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, შესაძლოა, ცუდი ამინდები, თუმცა, მსგავსი კლიმატი იყო შარშანაც და ტურისტი გვყავდა. ვფიქრობ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაა ძალიან შემცირებული და დამსვენებლის სიმცირის მიზეზიც ეს არის,“- აცხადებს ხორნაული “ბიზნესპარტნიორთან”, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ბოლო დღეებში, სიტუაცია გაუმჯობესდა და ტურისტების ინტერესია სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. „გრაციას“ მფლობელი იმედოვნებს, რომ აგვისტო აქტიური იქნება.