LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეყვარებული აღარ მყავს, მყავდა… ახლა ვარ ასე მშვენივრად“ – ბაბი კირკიტაძე სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

81
babi-kirkitadze

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და მომღერალი, ბაბი კირკიტაძე, რომელმაც გადაცემაში საკუთარ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გვესაუბრე შენი ბავშვობის შესახებ…

ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა-სიმღერა, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ყველა მიწინასწარმეტყველებდა, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი. მინდოდა, თეატრალურზე ჩამებარებინა, ჩუმად ვემზადებოდი, ყველას ეგონა, რომ ქართულზე ვიყავი, ამ დროს კი მეტყველების გაკვეთილებს ვეუფლებოდი. ძალიან  მენდობოდნენ და ეჭვიც არავის ეპარებოდა. გამოცდებამდე განვაცხადე ეს ყველაფერი, გაოგნებულები იყვნენ. დედა არჩევანს არ მიწონებდა, მამაჩემის პირველი მეუღლე წარმატებული მსახიობი იყო, ამიტომ მამასთვის ეს არ იყო პრობლემა. დედას სურდა, იურიდიულზე ჩამებარებინა. დავთანხმდი, მაგრამ ვუთხარი, რომ მაინც სცენაზე ვიქნებოდი.

შემდეგ შალვა რამიშვილმა გამოაცხადა კასტინგი. იქ მივედი დედაჩემთან ერთად, ამის გამო წლების განმავლობაში დამცინოდნენ. 20 წლის ვიყავი მაშინ, მარტო არსად მიშვებდნენ. შატალოზეც კი არ ვარ ნამყოფი. ბევრი რამ მაქვს გამოტოვებული. დიდი კასტინგის შემდეგ დამტოვეს. წლების შემდეგ შედგა ის ბაბი, რომელიც ახლაა. როდესაც ჟურნალისტები მეკითხებიან, რა რეგალია ჩავწეროთო, გულწრფელად არ ვიცი, – როცა განათლება არ გაქვს კონკრეტულ სფეროში, რაღაცნაირად მერიდება ამ სახელის დარქმევა.

სხვათა შორის, შალვას ჩემი პერსონაჟი პირველივე დღეს მოეწონა, ცოტა მოჩხუბარი, მამაკაცური. მისთვის აღმოჩენა იყო, რომ ვმღეროდი. პირველად რომ ვიმღერე ბენდში, ძალიან ვნერვიულობდი, ვიდეო რომ დაიდო, მახსოვს, ყველა კომენტარი წავიკითხე. ორი ნეგატიური კომენტარი შეხვდა და დავიწყე ტირილი, დათო ფორჩხიძეს დავურეკე ტირილით და მან მითხრა, რომ ამბიციური ყოფილხარ, 100 პროცენტით მეც არ მოვწონვარ ხალხსო. ზოგადად, ხალხი ძირითადად იმიტომ მაკრიტიკებს, რომ უაზროდ დიდ პირს ვაღებ სიცილის დროს, რა ვქნა,ასე მეცინება, სულ ამის გამო მლანძღავენ, ხომ შეიძლება, დაკეტოს პირიო.


რა იყო ამის შემდეგ?

„რეზომ და ბავშვებმა“ ჩემთვის და პიკასოსთვის (ირაკლი ნოზაძე) დაწერა სიმღერა, „ხელი მომკიდე, რა“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, მომღერალი ბაბი კირკიტაძე სწორედ აქ დაიბადა. ილო ბეროშვილის საყვარლის როლს რომ ვთამაშობდი სკეტჩებში, ეს ძალიან მაკომპლექსებდა, ზოგადად, კომპლექსიანი ვარ. რაც შეეხება გელას, ის ეძებდა ბენდს, იპოვა „იელოუ ბენდი“, სადაც სოლისტი იყო თათა გიორგობიანი. ეს ბენდი შემოუერთდა ღამის შოუს. დავამატეთ მუსიკოსები და ასე შედგა საკმაოდ დიდი ბენდი. დღემდე გვადარებენ ხოლმე მე და თათას, მას ვეუბნები, მაგაზე არ ინერვიულო, რადგან როდესაც  აღარ შეგვადარებენ ერთმანეთს, ანუ აღარ ვაინტერესებთ-მეთქი.

კიდევ ერთი ახალი პროფესია გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, ეს არის ტელეწამყვანობა… 

არხის დაარსებიდან „პოსტივის“ გუნდის თანამშრომელი ვარ, შემომთავაზეს „დილის შოუს“ წამყვანობა. ეს იყო ჩემთვის გამოწვევა. დილის 8 საათზე გამზადებული, გამოპრანჭული ყოფნა ადვილი არ არის. პირდაპირი ეთერი არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. ეს არის ჩემთვის სრული თავისუფლება. რადიოს დილის წამყვანობა ძალიან დამეხმარა ტელევიზიაში.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი შემფასებელი?

რა თქმა უნდა ოჯახი, დედაჩემი, რომელსაც ერთი სიტყვით შეუძლია ჰაერში ამაგდოს და შეუძლია, განწყობა დამიკარგოს. ის ძალიან კრიტიკულია, რასაც უყურებს, სულ მაფასებს ხოლმე. როცა დაღლილი მივდიოდი სამსახურიდან, დამიძახებდა ხოლმე სამზარეულოდან, შენ თავში არაფერი აგივარდესო. არასდროს მაძლევდა უფლებას, რაიმე შემრგებოდა. ისევ ის გოგო ვარ, როგორიც ვიყავი ადრე და ეს ოჯახის დამსახურებაა.

ვიცი, რომ არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა საზოგადოების ინტერესი დიდია…

ინტერესს დაგიკმაყოფილებთ, შეყვარებული აღარ მყავს, მყავდა, მაგრამ ახლა ვარ ასე მშვენივრად, პირად ცხოვრებაში მარტო ვარ. შეიძლება, მიზეზი იყოს ჩემი პროფესია. როდესაც ასეთი პროფესია გაქვს, მეორე ნახევარი უნდა იაზრებდეს ყველაფერს, თავიდანვე უნდა იცოდეს ეს ამბავი. როცა ქალი ან მამაკაცი დგას სცენაზე, უნდა იცოდეს, რომ მის ირგვლივ მუდამ ბევრი ადამიანი, ბევრი თაყვანისმცემელი იტრიალებს.

შენი სიმღერები ბევრ რადიოში ტრიალებს, გვესაუბრე სოლოკარიერაზე.

როცა ხარ ბენდში, ზედმეტად და უსამართლოდ მიმაჩნია სოლოკარიერის გაკეთება, ამიტომ მე ცოტა სიმღერა მაქვს. არასდროს მიფიქრია სოლოკარიერაზე, კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ადამიანებთან, ღამის შოუს ბენდთან, სრული სვლით მივდივართ, უკვე მთელი ზაფხული გვაქვს დაგეგმილი, სექტემბრის ჩათვლით. ბათუმში გვექნება საღამოები „მონოჰოლში“.

ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს და სად გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

სახლში, იქ ყველაზე მშვიდად, ყველაზე კომფორტულად, ყველაზე წყნარად ვგრძნობ თავს, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები