„შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა და შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები“, – ამის შესახებ სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” საქართველოს პარლამენტს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმართავს.
ორგანიზაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ ონისა და ნამოხვანის კასკადური ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით უკვე რამდენიმე თვეა, სოფელ ჟონეთში, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით თბილისშიც არაერთი აქცია გაიმართა.
სამოქალაქო ინიციატივა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულმა პროექტებმა თითქმის ყველა ავტორიტეტული სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
„21 დეკემბერს გამართულ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, თქვენ თანხმობა საჯაროდ განაცხადეთ და სხდომის ჩანიშვნის შესახებ მზაობა გამოთქვით. ამავე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამაც მზადყოფნა გამოთქვა – ზემოთაღნიშნული საკომიტეტო მოსმენის გამართვის შემთხვევაში, მოქალაქეთა კითხვებისთვის პასუხი გაეცა.
მას შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ კომიტეტების სხდომა არ ჩანიშნულა და მეტიც, ამის ნაცვლად ჩვენ ჟონეთში ადგილობრივი მოსახლეობის დარბევა ვიხილეთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ – დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ ნამოხვანისა და ონის ჰესების შესახებ თქვენი საკურატორო კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საჯარო მოსმენა“. – ნათქვამია მიმართვაში.
სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” მათ პოზიციასა და იმ საკითხებს, რაზეც მინისტრის პასუხის მოსმენა სურთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობს.
„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ონისა და ნამოხვანის კასკადური ჰესების მშენებლობა, არ არის ლოკალური მასშტაბის საკითხი, რის მტკიცებასაც პროექტის განმახორციელებელი კომპანია და ოფიციალური პირები ცდილობენ. მისი მოცულობის, გარემოსა და ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობაზე გავლენის გათვალისწინებით, ეს ნამდვილად ეროვნული მასშტაბის საკითხია.
მეტიც, ლოკალურიც რომ იყოს, ყველა ჩვენგანის ვალია, მხარში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ნებისმიერ კუთხესა და რეგიონში, თუკი მათ აქვთ განცდა, რომ მათი ინტერესები უსამართლოდ ილახება მთავრობისა თუ კონკრეტული კომპანიის მიერ“. – ნათქვამია განცხადებაში.
თურნავა: ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ კანონიერად განაახლა საქმიანობა
ნამახვანის ტერიტორიაზე პოლიციამ ადგილობრივების კარავი დაშალა.
ორგანიზაციის განცხადებით, მეგა ჰესების მშენებლობა ქვეყნის მდგრადი ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიკური განვითარების მიზნებს, საფუძველშივე ეწინააღმდეგება. მათი აზრით, როგორც ადრე, ისე ახლა, ამ პროექტების ინტეგრირებული კვლევა არ განხორციელებულა და არ მომხდარა ეგრეთწოდებული ხარჯთ-სარგებლის ანალიზი.
„ნებისმიერ სამთავრობო დოკუმენტში, რომელიც საჯაროდ არის გამოქვყეყნებული, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა პრიორიტეტად არის აღიარებული, რასაც ჩვენც ვიზიარებთ. თუმცა, ამ მიზნების მიღწევა დაუშვებელია გარემოსა და ქვეყნის სოციალურ – კულტურული მემკვიდრეობის, სასაზღვრო უსაფრთხოების და დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების ხარჯზე, რაც პირდაპირ კავშირშია მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან. არც ერთ ამ პირობას მეგაჰესების მშენებლობა არ აკმაყოფილებს, არამედ პირქით, აუარესებს სტატუსქვოს.
ცხადია რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად, იზრდება ენეგომოხმარებაც. პამდემიის პირობებში, ეკონომიკის შემცირების გათვალისწინების გარეშეც, ნებისმიერი გათვლებით მშპ 5%-იანი ზრდაც კი არ მოითხოვს იგივე მოცულობის საკუთარი ენერგოგამომუშავების აუცილებლობას. სხვადასხვა გათვლებით, 5% პროცენტიან ზრდას ელექტროენერგიის მოხმარების 2.5% პროცენტიანი ზრდაც დააკმაყოფილებდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ზრდა არ მოხდა ენერგოინტენსიური დარგების განვითარების ხარჯზე, როგორიცაა მაგალითად: კრიპტოვალუტის მაინინგი, რომელზეც დღეს ელექტროენერგომოხმარების 10-15% მოდის და რომელსაც არანაირი დადებითი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ გააჩნია ერთეულების გამდიდრების გარდა.
ჩვენ მიერ მოპოვებულ ყველა სამთავრობო დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ალტერნატიული გენერაციის წყაროების განვითარება ბევრად იაფია და გარემოსთვის ნაკლებად დამაზიანებელი. მიუხედავად ჩავარდნილი და წარუმატებელი პროექტებისა (ხუდონი, ნენსკრა, შუახევი, მესტიაჭალა) და იმ რეალობისა, რომ დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დიდი ხანია უარი თქვეს მეგა ჰესების მშენებლობაზე სქართველოს მთავრობა მაინც აგრძელებს რეტროგრადული მეგაჰესების განხორციელების მცდელობას ნებისმიერ ფასად.
ცივილიზებულმა ქვეყნებმ უარი თქვეს კასკადური და მეგაჰესების მშენებლობაზე – არა იმიტომ, რომ მათი მთელი ჰიდრო პოტენციალი ამოიწურა, არამედ იმიტომ, რომ 21 -ე საუკუნეში სხვა, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო გენერაციის წყაროები და ტქნოლოგიები განვითარდა და ვითარდება“. – აღნიშნულია მიმართვაში.
ორგანიზაციის აზრით, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ენერგოუზრუნველსაყოფად საჭიროა:
მზის, ქარისა და ჰიდროთერმული გენერაციის წყაროების გამოყენების წახალისება; • თანამედროვე ტურბინებით აღჭურვილი გაზის თბოელექტროსადგურების მშენებლობა- განვითარება, გაზსაცავის მშენებლობა, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის საკითხის გადაწყვეტა, გაზისა და ნავთობის საკუთარი საბადოების პოტენციალის კვლევა და მოპოვება; ენერგოეფექტურობის ასამაღლებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება (ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის ენერგოინტენსივობა 4,5 ჯერ ღემატება საშუალო ევროპულს);
„არაფერი კეთდება უკვე არსებული ჰესების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, რის გამოც მათი წარმადობა ხშირად დადგმული სიმძლავრის ნახევრაც ვერ აღწევს; ამორტიზებულია გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც სისტემაში დიდია დანაკარგი; დიდი პოტენციალია ელექტრო და ბუნებრივი გაზის ბაზრების თანამედროვე კონკურენტულ და რეგულირებად პრინციპებზე დაფუძნებულ მოდელებზე გადასვლაში“. – ნათქვამია მიმართვაში.
რიონის ხეობის გადასარჩენად: პროტესტი ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია მიუღებლად მიაჩნია გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და სოციალურ-კულტურული მემკვიდრეობის დამაზიანებელი კასკადური მეგა ჰესესბის მშენებლობა საქართველოში.
„საგულისხმოა, რომ ნამახვანის ჰესის სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა სწორედ პანდემიის პირობებში, როცა საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მოდუნებულია ამ მნიშვნილოვანი საკითხის მიმართ, ხოლო უცხოურ კომპანიასთან ადგილობრივი მოსახლეობის ხანგრძლივი და შეუპოვარი პროტესტი უპასუხოდ რჩება და სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი მეთოდებით ითრგუნება.
მცდელობა, რომ ადგილობრივი მოსახლების გული მთავრობამ კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოიგოს, დაუშვებელია. გზა, საბავშვო ბაღის, სკოლა, წყალგაყვანილობა ეს საჯარო სიკეთეებია და მათზე სახელმწიფოს უნდა ეზრუნა და იზრუნოს. არ შეიძლება ადამიანების მათ მიმართ მთავრობის უპასუხიმგებლობის მძევლებად ქცევა. გარდა ამისა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კომუნიკაციისა და მოპყრობის ის ფორმები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიმათ უკანასკნელ დღეებში ვიხილეთ.
ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, ონისა და ნამოხვანის პროექტების განხორციელება ემსახურება არა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფას, არამედ რიგი საჯარო მოხელეების კორუფციულ და მათთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიების კერძო ინტერესებს.
ნამახვანის და ონის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ გამოკვლეული არ არის. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა და ნებართვის მფლობელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც თავის მხრივ, ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. მიუხედავად ამისა, კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც, მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ზემოთაღნიშნული პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს კომპანიათან გაფორმებული აქვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებს, შეცავს ფისკალურ რისკებს და იწვევს გამომუშავებულ ენერგიაზე ფასის ზრდას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
„შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა; საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები; ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები გახდეს საყოველთაო მსჯელობის საგანი; მომზადდეს ახალი ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების ინტეგრირებული გეგმა;
შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები”.– ვკითხულობთ მიმართვაში.
მიმართვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავჯდომარის დავით სონღულაშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავჯდომარის მაია ბითაძის სახელზეა მომზადებული.